მივესალმები ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისა და პარტნიორების ვიზიტს ბათუმის პორტში; მივესალმებით ამერიკულ სამხედრო ხომალდებს, მათ ეკიპაჟებსა და პირად შემადგენლობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში განაცხადა, სადაც ამერიკულ ხომალდ "მაუნთ უიტნიზე" იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამერიკული ხომალდების ვიზიტი საქართველოსა და აშშ-ს შორის ძლიერი სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა.
"საქართველო შავი ზღვის რეგიონის ძალზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ჩვენს გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას ძალიან ძლიერი დატვირთვა გააჩნია. საქართველო არის გლობალური უსაფრთხოების ერთგული მოკავშირე და მონაწილე. ჩვენ კარგად გვესმის შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა და გამიზნული გვაქვს ჩვენი მოკავშირეების დახმარება ამ მიმართულებით. ჩვენ ვიზიარებთ პასუხისმგებლობას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაზე და კვლავაც ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. სარდლობებს შორის თავსებადობა, პარტნიორობაზე კონცენტრირებული წვრთნები და კრიზისულ პერიოდებში ჩვენი ძალების გაერთიანება რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის საუკეთესო საშუალებაა. მოხარული ვარ, რომ ჩვენს მეგობრებს შესაძლებლობა ექნებათ, ბათუმში ყოფნისას გაეცნონ ჩვენი ქვეყნის მდიდარ ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს. მინდა, ჩვენს სტუმრებთან ერთად, დიდი მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და ხალხს, თითოეულ ამერიკელს, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან გვერდით უდგას საქართველოს. ჩვენი მთავრობის და ქართველი ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ჩამობრძანებისთვის და წარმატებულ ვიზიტს გისურვებთ", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ამერიკული ხომალდების ეკიპაჟის წევრებს და პირად შემადგენლობას.
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის სამეთაურო ხომალდზე - "USS Mount Whitney"
(LCC 20) ოფიციალური მიღება გაიმართა.
ბათუმში აღნიშნულ ხომალდზე გამართულ მიღებას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან - ირაკლი ღარიბაშვილთან და მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ მაიორი ნიკოლოზ შარაძე დაესწრო.
სტუმრებს მე-6 ფლოტის უფროსმა, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის მოადგილემ - ვიცე-ადმირალმა ეუჯინ ბლექმა, ხომალდ "Mount Whitney"-ის მეთაურმა - დანიელ პროჩაზკამ და აშშ-ის ელჩმა საქართველოში - კელი დეგნანმა უმასპინძლეს.
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის სამეთაურო ხომალდი - USS Mount Whitney (LCC 20) და საზღვაო ხომალდი - USS Porter (DDG 78) 8 ნოემბერს შემოვიდნენ.