არსად შეჭრის ამოცანა არ არსებობს, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია.
მისი თქმით, საპროტესტო მოძრაობა იქნება დინამიური, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ დღე სხვადასხვა სახის, შინაარსის, ფორმის აქციები გაიმართება.
„იუსტიციის სამინისტროსთან ჩვენ აქცია გვქონდა 10:00 საათზე დაგეგმილი, ჯერ კიდევ გუშინ დავაანონსე ეს აქცია. მე ვფიქრობ, ამას ხედავს ადგილობრივი საზოგადოება, საერთაშორისო საზოგადოება, რომ ჩვენი ამოცანა არ არის რიგით პოლიციელებთან დაპირისპირება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არიან ანგაჟირებულები და ძნელად თუ უწოდებ დიდ ნაწილს პოლიციელს, ბევრი მათგანი ტყვეობაშია, ნებით თუ უნებლიედ, ამას რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არიან ოლიგარქიული რეჟიმის ნების შემსრულებლები. არსად შეჭრის ამოცანა არ არსებობს, ამაში დარწმუნდა ყველა, რაც არ უნდა პროვოკაციები მოეწყოთ, რაც არ უნდა ხაფანგი დაეგოთ, ჩვენ ეს გზა გავიარეთ, რთული, მაგრამ ისე, როგორც ეკადრება მართალ ხალხს, არც პოლიციასთან შეტაკება იყო ჩვენი ამოცანა. ეს საპროტესტო მოძრაობა იქნება დინამიური - ყოველ დღე სხვადასხვა სახის, შინაარსის, ფორმის აქციები, მზარდი, ორგანიზებული, დისციპლინირებული. ყოველ დღე რამდენიმე სხვადასხვა წერტილში, სხვადასხვა სამინისტროსთან, გადაადგილებით, მოძრაობა და მოძრაობა, მანამ, სანამ ძალიან სწრაფად არ იქნება უზრუნველყოფილი მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება. ახლა არის გლდანის ციხეში მოთავსებული, იქ, სადაც მოტყუებით, მოტაცებით არის მოთავსებული. მოაწყეს ის მიზანსცენა, რაც ვიხილეთ და ამ ყველაფერს სათანადო პასუხი გაეცემა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.