პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილი გატაცებული ბავშვების დაბრუნებასთან დაკავშირებით იუნისეფს კიდევ ერთხელ სთხოვს დახმარებას. ეს საკითხი არსენიშვილმა დღეს იუნისეფის წარმომადგენლებთან შეხვედრისას დააყენა.
როგორც შეხვედრაზე იუნისეფის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ბენჟამენ პერკსმა განაცხადა, იუნისეფმა ჟენევის მოლაპარაკების მხარეებს გაეროს ელჩის დახმარებით წარუდგინა თხოვნა, სასწრაფოდ გადაწყდეს საკითხი, ბავშვების უფლებები იყოს დაცული საქმის წარმოების დროს და ამ ბავშვებს ჰქონდეთ მშობლებთან შეხვედრის საშუალება. იუნისეფი, რომელიც არის გაეროს ორგანიზაცია, იმედოვნებს, რომ რუსეთი, როგორც გაეროს წევრი ქვეყანა, იუნისეფის პოზიციას გაიზიარებს და ეს საკითხი დადებითად გადაწყდება.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში შექიმნება ბავშვთა უფლებების საბჭო. ამ საბჭოს მეთვალყურეობას გაუწევს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში. არსენიშვილის განმარტებით, ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბავშვბთა უფლებების დაცვის მხრივ, თუმცა მიაჩნია, რომ მაინც რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები, რაც გამოიხატება ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლებში, მათ მიმართ ძალადობასა და სუსტი მექანიზმების არსებობაში. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა საბჭო, რომელიც იხელმძღვანელებს საერთაშორისო კონვენციებისა და შეთანხმებების პრინციპებით.
"საბჭოს ძირითად ამოცანად სწორედ ბავშვთა უფლებათა კონვენციის განხორციელების და გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგი იქნება", - განმარტავს არსენიშვილი და დასძენს, რომ საბჭო ასევე შეიმუშავებს საკანონმდებლო ინიციატივებისა და პოლიტიკის შესახებ რეკომენდაციებს.