მწვანე საშვი - ეს არის სპეციალური სტატუსი, რომელიც ავლენს, რომ ადამიანი არის მის გარშემო მყოფებისთვის უსაფრთხო კოვიდ-ინფექციის თვალსაზრისით, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ პირებს, რომელთაც გადატანილი აქვთ კოვიდ-ინფექცია, არიან ორჯერ აცრილები, ან გააჩნიათ 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24 საათიანი ვალიდურობის სწრაფი ტესტი.
„მწვანე პასპორტის“ პრინციპი და კონცეფცია გავრცელდება 18 წელს და ზემოთ ასაკის პირებზე და ამ სტატუსის მეშვეობით ისინი შეძლებენ არაესენციური სერვისებით სარგებლობას.
ეს იქნება სტატუსი, რომლის მეშვეობითაც „მწვანე პასპორტის“ მქონე პირები შეძლებენ მოინახულონ ისეთი ობიექტები, როგორიც არის რესტორნები, კაფეები, ბარები, მათი ღია თუ დახურული სივრცეები, კინოთეატრები, თეატრები, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები, სათამაშო ბიზნესის ობიექტები, სპა-ცენტრები, ფიტნეს-დარბაზები, სასტუმროები და ასევე, მოგეხსენებათ, ზამთრის სეზონი გვიახლოვდება, სამთო კურორტების - საბაგირო გზები.
მწვანე ბარათის ვადა განისაზღვრება იმ კონკრეტული სტატუსის მიხედვით, რომელიც მას აქვს მინიჭებული - ეს არის ორჯერადი აცრა, გადატანილი კოვიდ-ინფექცია, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადამიანს გაუვა იზოლაციის ვადა - 14 დღიან ვადაზე მაქვს საუბარი, 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი და 24 საათიანი ვალიდურობის სწრაფი ტესტი.
თქვენ, თქვენი PCR ტესტის მეშვეობით ავტომატურად იღებთ მწვანე სტატუსს, თუ ეს PCR ტესტი ვალიდურია 72 საათის განმავლობაში და შესაბამისი ცნობით, რომელსაც თქვენ ლაბორატორია გაძლევთ თქვენი კოვიდის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ის ვალიდურია და თამამად შეგიძლიათ ისარგებლოთ 72 საათის განმავლობაში ამ ცნობით“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.