პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას შეხვდნენ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარესთან დიალოგის დაწყების თაობაზე მათ ინიციატავზე იმსჯელეს.
"განცხადება გავაკეთეთ, რომ საჭიროა დიალოგი, რადგან წარსულში ვნახეთ, დაპირისპირება, საბოლოო ჯამში, სად მიდის. პარლამენტის თავმჯდომარესთან გვქონდა შეხვედრა, რომ დიალოგისთვის მზად ვართ, რომ ქვეყანას თავიდან ავაცილოთ ის შესაძლო, ძალიან ცუდი სცენარი. რა კავშირშია მანდატი და ის დაპირისპირება, რაც ქვეყანაშია? საზოგადოება ორ ნაწილად არის გახლეჩილი. საუბარია ადამიანის სიკვდილ- სიცოცხლეზე, ვის რანაირი სენტიმენტები ან ბოღმა არ უნდა ედოს გულში. დღეს ლაპარაკია იმაზე, რომ ისეთი სიტუაციის შექმნა უნდა მოვახერხოთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს არ დაემუქროს სიკვდილი. თუ ეს მოხდა, ღმერთმა დაიფაროს, ასეთი ინტერვიუები აღარ გვიშველის. აქედან გამომდინარე, ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივეჩვიოთ, კონსტრუქციულის მხარდაჭერას. კონსტრუქციული კიდევ არის დიალოგი და კრიზისებში სიტუაციის მართვა. კახა კუჭავა პოზიტიურად შეხვდა და მოვლენების განვითარებას დაველოდებით", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, "ლელო" ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყების ინიციატივით გამოვიდა.
ფოტო: RFE/RL