მე მზად ვარ კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლო ოპოზიციასთან - ოპოზიციის ადგილი და ამ დებატებისთვის ადგილი არის პარლამენტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ის მზადაა შინაარსობრივი განხილვებისთვის მთავრობის შემადგენლობასთან ერთად.
„მე დღეს გავაკეთე ამის შესახებ განმარტება, მთავრობის სხდომაზე გამოვედი მოწოდებით, რომ ჩვენ დღეს უნდა დავაყენოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები ყველაფერზე მაღლა და მათ შორის, ჩვენი ვიწრო პარტიული ინტერესები უნდა გადავწიოთ მეათე პლანზე. დღეს არს რეალურად ის დრო, როცა შეიძლება დავიწყოთ საუბარი გაერთიანებაზე, მხოლოდ საქმეზე, ეკონომიკის განვითარებაზე, მოსახლეობის წინსვლაზე, კეთილდღეობაზე, მთავრობის გეგმებზე. ამ საკითხებზე და მე მზად ვარ კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლო ოპოზიციასთან მათ შორის. ოპოზიციის ადგილი და ამ დებატებისთვის ადგილი არის პარლამენტი. მე მზად ვარ, მთელი ჩემი შემადგენლობით, მთავრობის შემადგენლობით ძალიან ინტენსიურ რეჟიმში მივიღო მონაწილეობა ამ დებატებში ოპოზიციასთან, ოღონდ საგნობრივი, შინაარსობრივ განხილვები და არა უსაგნო და აბსოლუტურად არაფრისმომცემი და მოსახლეობისთვის უინტერესო დისკუსიები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.