მე მინდა, კიდევ ერთხელ შევაფასო არჩევნები. ეს იყო ნამდვილად ისტორიული არჩევნები და ეს იყო ისტორიული გამარჯვება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ეს იყო ხალხის და ჩვენი ქვეყნის გამარჯვება.
"მინდა, რომ კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს, ჩვენს საზოგადოებას გამოცხადებული ნდობისთვის და მინდა ვუთხრა მათ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი ეს ნდობა გავამართლოთ. რა თქმა უნდა, ეს არის უაღრესად საპატიო საქმე, მაგრამ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა და ჩვენ ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას და დღეიდან, მხოლოდ საქმეზე უნდა გავაკეთოთ კონცენტრირება. მინდა, რომ მინისტრებს საჯაროდ განვუცხადო, რომ დღეიდან, მხოლოდ საქმეზე უნდა ვისაუბროთ, მხოლოდ საქმეზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და ის დაპირება, პროექტები, ინიციატივები, რაზეც საუბარი გვქონდა არჩევნების დროს, კამპანიის დროს, მხოლოდ ამ პროგრესზე უნდა გვქონდეს საუბარი მოსახლეობასთან. 24 საათიან რეჟიმში, აბსოლუტურად მოტივირებულები, განახლებული, გაათმაგებული ენერგიით უნდა შევუდგეთ საქმეს.
ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის წინაშე დღეს ძალიან ბევრი გამოწვევა და ძალიან ბევრი პრობლემაა. ეს არის სამუშაო ადგილების სიმცირე, სიღარიბე, უმუშევრობა, პანდემია, ოკუპაცია, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო. ჩვენ მხოლოდ საქმეზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და უნდა ვიმუშაოთ 24 საათიან რეჟიმში ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.