რესპოდენტის შესახებ
გია ხუხაშვილი - ანალიტიკოსი
გია ხუხაშვილი - ანალიტიკოსი
პოლიტიკის ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი "ჯი-ეიჩ-ენ"-თან საუბრისას ამბობს, რომ კობახიძე-ღარიბაშვილი სააკაშვილის მდგომარეობაში რომ აღმოჩნდნენ, მათ არავინ დაიცავს, მათ სწორედ ამის ეშინიათ და ამით არის განპირობებული ხელისუფლების ქმედებები, რასაც არასწორად მიიჩნევს. თუმცა, მისივე თქმით, ქვეყანაში რევოლუციის საფუძველი არ არის და ყველაფერი ხელისუფლების "შიშების და ფობიების" შედეგია. ამ ფონზე, როდესაც სააკაშვილის მხარდასაჭერად უკვე სხვა ადამიანებიც შიმშილობენ და მათ შორის, ელენე ხოშტარია, ციხესთან კი ერთი კვირის წინ დაანონსებული აქცია უნდა გაიმართოს, რა შეიძლება მოხდეს და ვინ რა შეიძლება დათმოს, ამ საკითხებზე გია ხუხაშვილს ვესაუბრეთ.
გია ხუხაშვილი: ასეთ ვითარებაში ორივე მხარემ უნდა დათმოს და კონსენსუსი ამას ნიშნავს ზუსტად. რომ არ თმობენ, ამიტომ ვართ მუდმივად ასეთ მდგომარეობაში - პოლიტიკური ძალები ადიან ერთგვარ ტატამზე, იწყებენ კუნთების თამაშს, არ აინტერესებთ სახელმწიფო ინტერესი და ვართ მუდმივად ასეთ მდგომარეობაში. ახლაც ერთ-ერთ ასეთ ციკლში ვიმყოფებით, რაც დღემდე არაერთხელ გვინახავს. ხელისუფლება, ერთი მხრივ, ცდილობს, რომ სააკაშვილი მორალურად გაანადგუროს, არა ფიზიკურად, ეს ტყუილია. მეორე მხრივ კი, ოპოზიცია ამაზე აბამს დღის წესრიგს და ცდილობს, მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის საკითხი დღის წესრიგად აქციოს. ძირითადად ამ ჭიდაობით არიან დაკავებული და დღეს 62 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა კოვიდით და ეს თემა არავის არ ახსოვს. ეს ადამიანები, თითქოს, არც ყოფილან და მხოლოდ დღეს? უკვე რამდენი ხანია, ასეა და ვის ახსოვს? არავის და არც არაფერს არ აკეთებენ. ჩვენს პოლიტიკურ ელიტას ის პრობლემები, რაც ხალხს ააწუხებს, არ აინტერესებს, არ არის მათთვის პრიორიტეტული. ორივე მხარისთვის პრიორიტეტულია მხოლოდ საკუთარი სიმართლის მტკიცება, ყველა ხო თავად წერს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას და ამით არიან დაკავებულები.
- ოპოზიციის მოთხოვნა ახლა არის ის, რომ სააკაშვილი გადაიყვანონ კერძო კლინიკაში. სხვა მოთხოვნა აღარ არის. რატომ დავიდა მოთხოვნები აქამდე და თუნდაც არჩევნებს რატომ აღარ ახსენებენ. ხელისუფლებამ ეს მოთხოვნა რომ დააკმაყოფილოს, რას მივიღებთ, პროტესტი იშლება და მორჩა ყველაფერი? ამით რის მიღწევას ცდილობენ?
ეს არის ტაქტიკური მოთხოვნა, მოდით, ასე ვთქვათ. ყველას კარგად ესმის, რომ ეს არ არის სტრატეგიული მოთხოვნა და პირდაპირ გეტყვით, რომ ლეგიტიმური მოთხოვნაა. რაც შეეხება ხელისუფლების ქმედებას სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით, წარმოუდგენელი სადიზმია და ამით ფაქტობრივად აღიარებს, რომ მას არა აქვს უნარი, რომ ერთი პატიმარი კლინიკაში გადაიყვანოს და მისი უსაფრთხოება უზრუნველყოს. ფაქტობრივად, სისუსტის დემონსტრირებას ახდენენ. რატომ არ შეიძლება გადაყვანა? ამის ნაცვლად ადგნენ და ახლა ციხეში კლინიკას აწყობენ. მსოფლიო ისტორიაში უპრეცედენტო რაღაც ხდება - ციხეში ტომოგრაფია მსოფლიოში არსად არა აქვთ და შეიძლება, ითქვას, რომ პატიმარი სააკაშვილი რეფორმებს ატარებს ციხეში. ასეთ კომიკურ სიტუაციაში ვართ და რა უნდა ვთქვა?
- ხელისუფლება შიშობს, რომ მისი კერძო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ პროცესები შესაძლოა, უმართავი გახდეს - შტურმი მიიტანონ საავადმყოფოზე, სცადონ მისი გატაცება, რასაც ხელისუფლებამ უნდა უპასუხოს. გამორიცხავთ, რომ ოპოზიცია სწორედ ამ მიზნით ითხოვდეს მის გადაყვანას?
შესაძლოა, მართლაც ასე იყოს და ოპოზიციას სწორედ ეს გეგმა ჰქონდეს, მაგრამ ხელისუფლება ვალდებულია, თავისი მოვალეობა შეასრულოს. თუ ხელისუფლებას ეშინია იმის, რომ, თუ სააკაშვილს კერძო კლინიკაში გადაიყვანენ, ოპოზიცია მოახერხებს მის ან გატაცებას ან სხვა რამეს, ეს ხომ სისუსტის დემონსტრირებაა? ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას არა აქვს უნარი, პროცესები ნორმალურად მართოს. ოპოზიციას ჯერჯერობით არაფერი დაუშავებია და პროგნოზები ვაკეთოთ, რომ შესაძლოა, იქ რაღაც გააკეთონ და მთავრობამ თავისი კონსტიტუციური მოვალეობა, რისთვისაც ხალხმა დაიქირავა, არ შეასრულონ, ეს სადაური წესია, არ მესმის. ეს არის მხოლოდ ფობიების და შიშების დემონსტრირება, რომ გადავიყვანო, რაღაც მოხდება. ხელისუფების მოვალეობა და მისი პასუხისმგებლობის ზონაა პატიმარ სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა.
გარდა ამისა, ხელისუფლებს რეალური სურვილი რომ ჰქონდეს, ეს კრიზისი განმუხტოს, ძალიან მარტივი რაღაცის გაკეთება შეიძლება - თემა არის ის, რომ პატიმარი სააკაშვილი დანაშაულს არ აღიარებს და საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს აქვს უსამართლობის განცდა. ვიდრე ამ ნაწილს ამ უსამართლობის განცდა აქვს, სიმშვიდე, რასაც ხელისუფლება გვპირდება, ქვეყანაში ვერ იქნება. შესაბამისად, პასუხისმგებლიანი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლება გახსნიდა სასამართლო პროცესებს, უფრო მეტიც, შესაძლოა, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გამოყენებც მომხდარიყო და ყველას ენახა, ამ კაცმა რა დააშავა და რა არა. ამით ხო სპეკულაციებიც შეწყდებოდა? მაგრამ იცით, ხელისუფლებას რა სისუსტე აქვს? მას უნდა, რომ სააკაშვილი გაასამართლოს იმ მოსამართლემ, რომელიც იმ დანაშაულის თანამონაწილეა, რასაც სააკაშვილს ედავებიან. მაგალითად, გირგვლიანის საქმე, სადაც სააკაშვილს მკვლელების შეწყალებას ედავებიან. საქმე კი იმაშია, სააკაშვილს ეს მკვლელები რომ შეეწყალებინა, ამისთვის საჭირო იყო ამ ადამიანებისთვის დანაშაულის შემსუბუქება და ეს გადაწყვეტილება პირადად მურუსიძემ მიიღო. შესაბამისად, თუ სააკაშვილმა შეწყალებით დააშავა, ამ დანაშაულის თანამზრახველი და თანამონაწილე მურუსიძე იყო და ახლა რა გამოდის, ერთი თანამზრახველი თავისსავე თანამზრახველს ასამართლებს და ამას ეძახის ხელისუფალი სამართალს? ამის ბაზაზე უნდა ქვეყანაში სიმშვიდის და წესრიგის დამყარება?
- ჩვენთვის ეს ყველაფერი ძალიან ნათლად ჩანს და დასავლეთი რატომ არ რეაგირებს ამაზე?
ნუ წარმოვიდგენთ ისე, რომ დასავლეთი ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგით იძინებს და იღვიძებს. მათთვის ჩვენ მეათასე თემა ვართ. მათ აქვთ თავისი ინტერესები. სხვათა შორის, ისინი დიქტატურებთანაც თანამშრომლობენ და ამის უამრავი მაგალითია. კი, ცდილობენ რომ თავისიანი გახადონ, თავისი წესებით ათამაშონ, მაგრამ, თუ არ თამაშობენ, იყენებენ და მერე აგდებენ. კადაფიდან დაწყებული, ასეთი ბევრი მაგალითის დასახელება შეიძლება. აგერ, საუდის არაბეთში სულ არ არის დემოკრატია, ქალებს სახლიდანაც კი არ უშვებენ ჩადრის გარეშე, მაგრამ თანამშრომლობენ და ძალიან ტკბილი ურთიერთობები აქვთ. თუმცა, თავისიანად არ თვლიან, იყენებენ და ადრე თუ გვიან, გადააგდებენ. შენ თუ გინდა, რომ მისიანი გახდე და მიგიღოს, მისი თამაშის წესებით უნდა ითამაშო. თუ ჩვენ ვაწერეთ ხელს იმაზე, რომ დასავლეთმა თავისი ინტერესებისთვის უნდა გამოგვიყენოს, გასაგებია, მაგრამ, თუ ჩვენ გვინდა, რომ მისიანი გავხდეთ, მათი თამაშის წესებით უნდა ვითამაშოთ, რასაც არ ვაკეთებთ. ისინი გვეუბნებიან, რომ ამას და ამას არასწორად აკეთებთ და ამ ყევლაფერს ეს და ეს მოჰყვება, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ გავითვალისწინოთ, ხელისუფლებამ იქით დაუწყო კრიტიკა - იმას ვინ ეკითხება, ამას ვინ ეკითხება, ჩვენ ვიცით, ჩვენი სუვერენული უფლებაა და ა.შ. ეს ტექსტები გვესმის და ისინი იტყვიან, კი, ბატონო, კისერიც გიტეხიათ, თუ ასე გინდათ, გამოგიყენებთ, რაშიც ჩვენ გვჭირდებით და მორჩა. ეს ჩვენი პრობლემაა და ისე ნუ უყურებთ, რომ დასავლეთის პრობლემაა. დასავლეთი, რა თქმა უნდა, ეცდება და ცდილობს, რომ თავისი ოჯახის წევრად მიგვიღოს, მაგრამ წარმოიდგნეთ, ვიღაც ძალიან მოგწონთ და რაღაცაში გჭირდებათ. ის კი გეუბნებათ, მე ეს რომ გაგიკეთო, შენს სახლში ვიცხოვრებ, მაგრამ ვეწევი სიგარეტს, მაგიდაზე ცეკვა მიყვარს, მოვიხმარ ნარკოტიკებს და ა.შ. შენ პასუხობ, რომ მე მაქვს ასეთი წესები და, თუ გინდა, ამ წესებით იცხოვრე, თუ არადა, გიქირავებ ბინას და იყავი შენთვის, ვიდრე ჩემს საქმეს გააკეთებ, მერე კი კისერიც გიტეხია. ზუსტად ასე ვართ ჩვენ და რა თქმა უნდა, ისინი არასოდეს არ მიგვიღებენ, მათი თამაშის წესებით თუ არ ვითამაშეთ, გამოგვიყენებენ და გადაგვაგდებენ.
- ამ პროცესში ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებას როგორ აფასებთ, რა დადებითი და უარყოფითი შედეგები შეიძლება, მოჰყვეს?
ეს ყველაფერი არის ამ დიდი კრიზისის ელემენტები. ელენე ხოშტარიას მე დიდ პატივს ვცემ, ძალიან თავისებური, მაგრამ ძალიან მებრძოლი ადამიანია. მე არ ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ ის ზოგადად ხულიგნობს და ა.შ. ჩემი აზრით, ის ძალიან კარგი ადამიანია, აქვს თავისი მოსაზრებები და იყენებს რადიკალურ ფორმებს.
- მის შიმშილობას შედეგი ექნება?
გააჩნია, რას ვეძახით ჩვენ შედეგს. თუ ჩვენ შედეგს იმას ვეძახით, რომ რევოლუცია მოხდება, ქვეყანაში რევოლუციის საფუძველი არ არის. რევოლუციას სამი რაღაც სჭირდება - ერთი ის, რომ ხელისუფლება უნდა იყოს სტერილური და ხალხი იყოს კონსოლიდირებული, ოპოზიციასთან ერთად და ეს ასე არ არის, ხალხი, მინიმუმ, სამ ძირითად ნაწილად არის გაყოფილი. ეს ხალხი, რომელიც აპროტესტებს და უნდა ხელისუფლების შეცვლა ნებისმიერი მეთოდით, არის ხალხი, რომელიც მხარს ხელისუფლებას უჭერს და მესამე, ყველაზე დიდი სეგმენტი, რომელსაც არც ხელისუფლება მოსწონს, მაგრამ არც იმაზეა თანახმა, რომ მიშა სააკაშვილის ბელადობით რევოლუცია მოაწყოს. შესაბამისად, არ არის მოცემულობა. გარდა ამისა, ლიდერი ვინ არის? სააკაშვილია ლიდერი და სააკაშვილის ლიდერობა უნდა მოსახლეობის მაქსიმუმ 30%-ს, ხო და ეს რევოლუაციას ვერ მოახდენს.
- მაშინ ხელისუფლებას რისი ეშინია?
ხელისუფლება თვითონაც სუსტია, თვითონაც არა აქვს საყრდენი და ამის ეშინია, საკუთარი სისუსტის ეშინია. მიშა სააკაშვილის კი არა, საკუთარი სისუსტის ეშინია. მან ხომ იცის, რომ სააკაშვილს არა აქვს აბსოლუტური მხარდაჭერა და კლინიკაში რომ გადაიყვანონ, ეს რევოლუციას ვერ გამოიწვევს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ იციან, მათაც არავინ არ დაიცავს, რამე რომ მოხდეს. შესაძლოა, სააკაშვილი ჩვენ არ მოგვწონს, მაგრამ ამდენი ხალხი გამოდის და იცავს, დარწმუნებულები არიან, რომ უდანაშაულოა და მის გათავისუფლებას ითხოვენ და ხომ არ იცით, კობახიძეს და ღარიბაშვილს ვინმე დაიცავს, იგივე მდგომარეობაში რომ აღმოჩნდნენ? არავინ არ დაიცავას. შესაძლოა, მათი ოჯახის წევრებმაც კი არ დაიწყონ მათი დაცვა. ამიტომ მათ საკუთარი სისუსტის ეშინიათ და ეს არის მთავარი პრობლემა.
- სულ რამდენიმე დღის წინ ოპოზიცია აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა. დღეს კი ამ საკითხს აღარც კი ახსენებენ. ეს რას ნიშნავს, დარწმუნდნენ რომ არ გაყალბებულა თუ კიდევ სხვა მიზეზი შეიძლება, იყოს?
არჩევნები კი არა, კოვიდი აღარ ახსოვს არავის. როდესაც კუნთების თამაში და მონოლოგებით საუბარი, ბუნებრივია, ყველა სხვა საკითხი უკანა რიგში გადადის. პოლიტიკური ძალები, ფაქტობრივად, ნაბან წყალს ბავშვს აყოლებენ. სად არის საელმწიფო ინტერესი? დილა რომ იწყება სააკაშვილის წერილით და რომ მთავრდება მისი ადვოკატების და ექიმების განცხადებით, ეს დღის წესრიგი აბსოლუტურად აცდენილია ამ ქვეყნის მოქალაქეების 90%-ზე მეტის პრობლემებს და ეს პრობლემებია პანდემია, რომელიც უკვე ძალიან სახიფათო ნიშნულზეა და ხვალ და ზეგ რა იქნება, არავინ იცის, უმუშევრობა, ეკონომიკური მდგომარეობა და ა.შ. ეს არც ოპოზიციას აინტერესებს და არც ხელისუფლებას. ოპოზიციას რომ არ აინტერესებს, ჯანდაბას, მაგრამ ხელისუფლება რისთვის დავიქირავეთ? ამათთან საჭიდაოდ და ნაციონალურ მოძრაობას არჩევნებს რომ მოუგებენ, ამის საზეიმოდ დავიქირავეთ? თუ იმისთვის, რომ ის პრობლემები გადაწყვიტონ, რაც ხალხს აწუხებს? ამ პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავს ხელისუფლება, რამე გაგიგიათ? რომელიმე პრობლემის გადაწყვეტას გეგმავენ, გარდა იმისა, რომ მიშა სააკაშვილს რა უპასუხონ და რა ახალი სისულელე დააბრეხვონ. სხვა არაფერი აინტერესებთ, წყალსაც წაუღია ყველაფერი, მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზე ფიქრობენ და ამ ძალაუფლების დაკარგვის შიში ამოძრავებთ.
- დღევანდელი აქცია შეცვლის რამეს?
პროცესში ვართ, როგორ გითხრათ. როგორც გითხარით, ქვეყანაში რევოლუციური სიტუაცია არ არის. ანუ, ოპოზიციას, რომელიც ამ მოთხოვნებს აყენებს, არა აქვს რევოლუციისთვის კრიტიკულად აუცილებელი მხარდაჭერა. მაგრამ, მეორე მხრივ, არც ხელისუფლებას აქვს ის მხარდაჭერა, რომლითაც უმართავი პროცესების პრევენცია არის გარანტირებული. შესაბამისად, არაპროგნოზირებადი სიტუაციაა. რას ეყრდნობა ეს ხელისუფლება, გარდა სპეცრაზმისა? არაფერს, მხოლოდ სპეცრაზმის იმედზეა დარჩენილი და ის სპეცრაზმიც როდის გაიბზარება და გასკდება, არავინ იცის.
- ახსენეთ, რომ მხარეებმა რაღაც უნდა დათმონ. არის პროცესი აქამდე, ორივე მხარე დათმობაზე რომ წავიდეს და რომელმა რა შეიძლება დათმოს?
დიალოგის აუცილებლობა დიდი ხანია, დამდგარია, მაგრამ ჩვენ ეს დიალოგი არ ვიცით და ვერც ვსწავლობთ. ერთადერთხელ შედგა ეს შეთანხმება, ისიც ევროკავშირის და ამერიკის ელჩის ჩართვით და საბოლოო ჯამში, ეს შეთანხმებაც არ შესრულდა, „ქართულმა ოცნებამ“ მორიგი გადაგდება მოაწყო. შესაბამისად, ნდობაც არ არის. ერთია, რომ დიალოგია საჭირო, მაგრამ ამის რესურსი არ არის. მხოლოდ აგრესია, მხოლოდ კუნთების თამაში, ჩვენმა პოლიტიკურმა ელიტამ სხვა მეთოდი არ იცის, მხოლოდ ნეგატიური დღის წესრიგით არსებობს.
რუსა მაჩაიძე, ჯი-ეიჩ-ენი