საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, დიპლომატის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.
პრეზიდენტმა საქართველოს ელჩების საქმიანობის მნიშვნელობასა და ქართული დიპლომატიის წინ არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამომდინარე და სხვადასხვა გამოწვევებიდან გამომდინარე, დღეს კიდევ უნდა ვამტკიცებდეთ, რომ ვართ დამოუკიდებელი, გვაქვს უფლება, რომ ვიყოთ საერთაშორისო თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი და რომ არავინ არ უნდა წყვეტდეს ჩვენს მაგივრად, რა არის ჩვენი გზა, რა არის ჩვენი ორიენტაცია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ყველა დიპლომატი, სადაც არ უნდა იყვნენ, არ დაიშურებენ ძალისხმევას, რომ ჩვენ ამ გზაზე ვიაროთ რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ რაც მთავარია, რაც შეიძლება ეფექტურად. ასევე, მათი მეორე გამოწვევა არის ჩვენი ძალიან მტკივნეული ოკუპაციის საკითხი. საზღვარგარეთ ჩვენი ელჩები არიან ისინი, ვინც მსოფლიოს ეუბნებიან, რომ ჩვენ არ შევეგუებით. მე იმედი მაქვს, რომ მოვა დრო მათთვის უფრო აქტიური ჩარევის. ჟენევა არის ერთი ადგილი, რომ დეოკუპაცია იქნება ერთ დღეს და წარმატებულად წარმართავენ ამ საკითხსაც. მაგრამ დღეს მთავარია, რომ ჩვენ ამას არ შევეგუებით და ყველა ჩვენმა პარტნიორმა თუ არაპარტნიორმა, ყველამ იცოდეს, რომ ეს არის ერთიანი საქართველოს ხმა და ეს ხმა ყველგან ისმოდეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ინვესტორების მოზიდვასთან ერთად, დიპლომატების მისია ისიცაა, რომ საქართველოს კულტურა, ენა, იდენტობა გაიტანონს საერთაშორისო ასპარეზზე.
ეკონომიკა რჩება ჩვენს დიდ გამოწვევად, ინვესტორების მოზიდვა ქვეყანაში, ესეც არის მათი მისია. კულტურა საქართველოსი, ჩვენი ენის, იდენტობის, ისტორიის, ჩვენი თვითმყოფადობის გატანა გარეთ და ყველამ გაიგოს, რომ საქართველო არ არის ის ერთი პატარა ქვეყანა, სადღაც გადაკარგული, არამედ არის ქვეყანა ძველი ცივილიზაციით და თავის თავის მიმართ ძალიან სწორი გაგებით, თუ რას წარმოადგენს მსოფლიოსთვის, რომ მას შეუძლია, თავისი წვლილი შეიტანოს მსოფლიოში.
ასე რომ, დღეს ჩვენს დიპლომატიას აქვს საბრძოლველი, რადგან ეს ბრძოლაა და წინა ხაზზე დგას დიპლომატია. ყველა კუთხით უნდა იყვნენ ტექნიკოსები, უნდა იყვნენ ეკონომისტები, უნდა იყვნენ კულტურის მატარებლები, ისტორიკოსები, ენის მცოდნე და ა.შ. ეს მრავალფეროვნება ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვითხოვთ ჩვენი დიპლომატებისგან და მგონია, რომ იმაზე მეტსაც ვითხოვთ. მინდა, ეს სიტყვები წავართვა პოეტს, რომ "ხომ ლამაზია ჩემი ცოლი, მაგრამ მე კიდევ უფრო ლამაზი მინდა", - კიდევ უფრო ლამაზი დიპლომატია მინდა, კიდევ უფრო ეფექტური, რადგან კიდევ ძალიან ბევრი საქმეა, რომელსაც სჭირდება მეტი რესურსი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.