ხვალ, 5 საათზე, ვიკრიბებით რუსთავის ციხესთან და არ ვიშლებით, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მელიას განმარტებით, აქცია არ დაიშლება, ვიდრე საქართველოს მოშიმშილე მესამე პრეზიდენტს სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში არ გადაიყვანენ.
"ხვალ ჩვენ რუსთავის ციხესთან ძალიან ბევრნი უნდა შევიკრიბოთ და ეს აქცია იქნება პერმანენტული და მზარდი. ხვალიდან ვიწყებთ დარჩენით. დროდადრო ჩვენ შემოგვიერთდება ყველა პატრიოტი თანამოქალაქე და ყველა რეგიონიდან, ქალაქიდან და სოფლიდან და იქ ვიქნებით მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში. ამიტომ ხვალ 5 საათზე რუსთავის ციხესთან ვიწყებთ აქციებს. დამატებით გეგმის კომპონენტებთან დაკავშირებით გაცნობებთ, ვინაიდან წინასწარ არ მაქვს სურვილი და არ გვაქვს სურვილი, ბიძინა ივანიშვილის დამნაშავე ხელისუფლებას ცხოვრება გავუადვილოთ, მაგრამ ხვალ, 5 საათზე ვიკრიბებით რუსთავში, მაგრამ არ ვიშლებით და პარალელურად შემოგვიერთდება მთელი საქართველო",- თქვა ნიკა მელიამ.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობას" საპროტესტო აქციას 6 ნოემბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე გეგმავდა.