დღეს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ვიცე პრემიერ-მინისტრ გიორგი ბარამიძისა და ნატო-ს გენერალურ მდივნის ანდრეს ფოგ რასმუსენის პირველი ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის პირველი წლის წარმატებით დასრულებას მიეძღვნა.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მოგვარებაზე, დეოკუპაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებზე, მათ შორის ბავშვების გატაცებასა და მუდმივ პროვოკაციებზე. გიორგი ბარამიძემ მადლობა გადაუხადა ნატო-ს გენერალურ მდივანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის.
"საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი ნატო-საქართველოს კომისიისა და წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) სახით, რომ მივაღწიოთ ნატო-ს სტანდარტებს და მივიდეთ საბოლოო მიზნამდე - საქართველოს ალიანსში გაწევრიანებამდე. ჩვენ ზუსტად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და რა სფეროში უნდა მივაღწიოთ პროგრესს. მომავალი წელი იქნება მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო რეფორმის, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის, ვადამდელი ადგილობრივი არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარების კუთხით", -განაცხადა ბარამიძემ.
შეხვედრაზე, რომელმაც კეთილგანწყობილ, კონსტრუქციულ გარემოში ჩაიარა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთხელ აღუთქვა მხარდაჭერა.
დღესვე ნატოს შტაბ-ბინაში ნატოს საერთაშორისო სამდივნომ საქართველოს მიერ წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელების პირველი შეფასება წარადგინა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ პროგრესს, რასაც საქართველომ წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელების გზაზე მიაღწია. აღინიშნა, რომ საქართველომ ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმიდან წლიურ ეროვნულ პროგრამაზე გადასვლა სწრაფად და ხარისხიანად შესძლო. საერთაშორისო სამდივნოს წარმომადგენლები საქართველოში ოქტომბრის დასაწყისში ჩამოვიდნენ და შეისწავლეს წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელების მდგომარეობა, რაც მოიცავს დემოკრატიის, უსაფრთხოებისა და სხვა სფეროებში მიმდინარე რეფორმებს.