ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოფილი გენერალური მდივანი ჯორჯ რობერტსონის განცხადებით, ვლადიმირ პუტინს სურდა, რომ რუსეთი ნატო-ში გაწევრიანებულიყო, თუმცა წევრობის პროცედურების გავლის გარეშე. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
რობერტსონის განცხადებით, პუტინმა მათ პირველ შეხვედრაზე ნათლად მიანიშნა, რომ რუსეთს სურდა დასავლეთ ევროპის ნაწილი ყოფილიყო
"მათ სურდათ ყოფილიყვნენ იმ უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული დასავლეთის ნაწილი, რომელშიც რუსეთი იმ დროს არ იყო", - ამბობს რობერტსონი.
ყოფილი გენერალური მდივნის თქმით, პუტინმა 2000 წელს ჰკითხა, თუ როდის აპირებდნენ ნატოში რუსეთის მიწვევას, რაზეც რობერტსონმა მიუგო, რომ "ნატო არავის იწვევს, არამედ ქვეყნები მიმართავენს მას წევრობის განაცხადით".
"გასაგებია, ჩვენ არ ჩავდგებით იმ ქვეყნების რიგში, რომელთაც განსაკუთრებული მნიშვნელობა არ გააჩნიათ", - უთქვამს პასუხად პუტინს.
ბრიტანული გამოცემა, ასევე, იხსენებს ვლადიმირ პუტინის ინტერვიუს BBC რადიოსთან, როდესაც ის ჯერ კიდევ არ იყო რუსეთის პრეზიდენტი. მაშინ პუტინი არ გამორიცხავდა რუსეთის ნატოში გაწევრიანებას იმ შემთხვევაში, თუ მას აღიქვამდნენ, როგორც თანაბარ პარტნიორს.
21 წლის წინ, BBC რადიოს ჟურნალის დევიდ ფროსტთან ინტერვიუში პუტინი აცხადებდა, რომ მისთვის რთული იყო ნატოს მტრად წარმოდგენა.
"რუსეთი ევროპული კულტურის ნაწილია. და მე ვერ წარმომიდგენია ჩემი ქვეყანა ევროპისგან, რასაც ჩვენ ხშირად ცივილიზებულ სამყაროს ვუწოდებთ, იზოლირებულად", - ამბობდა პუტინი.
ჯორჯ რობერტსონი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს 1999- 2003 წლებში ხელმძღვანელობდა. მანამდე ის ლეიბორისტების მთავრობაში, ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი იყო, 1997-1999 წლებში.