საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:
"არჩევნები დასრულდა და მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს მოსახლეობას მშვიდად ჩატარებული არჩევნები, მიუხედავად არნახული პოლარიზაციისა და სიძულვილის ენის გამოყენებისა.
მინდა მოვულოცო გამარჯვება ახლადარჩეული ადგილობრივი საკრებულოს წევრებს, მერებს და ვუსურვო წარმატებული საქმიანობა ქვეყნის სამსახურში.
არჩევნებმა ჩაიარა მშვიდად, შეიძლება ითქვას, რამეთუ უპრეცედენტოდ დაბალი იყო ინციდენტების რაოდენობა. არჩევნები ჩატარდა თავისუფლად, ოპოზიციის საგრძნობლად გაუმჯობესებული შედეგები პირდაპირ კავშირშია ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვასთან. ასევე, კანდიდატების შედეგებს შორის განსხვავების შემცირება დამახასიათებელია დემოკრატიული არჩევნებისათვის.
ნიშანდობლივია, რომ ცესკოს მიერ საარჩევნო პროცესის ადმინისტრირება შეფასდა, როგორც პროფესიონალიზმის მაღალი დონე.
არჩევნები დასრულდა, თუმცა რეალურად გამარჯვებულად თავი არავინ უნდა ჩათვალოს, რამეთუ გამარჯვებული არც ქვეყანაა, და არც საზოგადოება.
ქვეყანას სჭირდება დაწყნარება და სტაბილურობა, რათა დაუბრუნდეს განვითარების გზას. საზოგადოებას კი მშვიდობა, პოლიტიკური დაპირისპირებიდან საქმეზე გადასვლა. ერთი მხრივ, კონცენტრირება იმ მთავარ საკითხებზე, რომლის დაძლევაც მარტო არცერთ ძალას შეუძლია და მეორე მხრივ, დესტაბილიზაციის მცდელობების დასრულება, რამეთუ დესტაბილიზაცია მხოლოდ გარე ძალებს თუ უწყობს ხელს.
დღეს ყველას აქვს ერთი კითხვა: რა იქნება ახლა? როგორ და რა ფორმით უნდა დასრულდეს პოლარიზაცია? რაც არ მიიღწევა არც ქუჩით, არც დესტაბილიზაციით, არც გაუთავებელი არჩევნების მოთხოვნით, არც ხელახლა მანდატების დატოვებით თუ ბოიკოტით, არც თვითდაჯერებით, არც სიძულვილით, არც მტრის და მოღალატის ხატის შექმნით, არც გამარჯვებულის არაღიარებით, არც დამარცხებულის დამცირებით...
რა უნდა გავაკეთოთ? როგორ მივიდეთ შედეგამდე, როგორ გამოვიდეთ ამ ჯადოსნური წრიდან?
რეალურად, ჩატარებული არჩევნები გვაძლევს ამის შესაძლებლობას დავიწყოთ ქვედა საფეხურიდან, სადაც უფრო ადვილია ისეთ ყოფით საკითხებზე თანამშრომლობის დაწყება, რომელებიც მოქალაქეების ადგილობრივი პრობლემების გადაჭრას ისახავს მიზნად. ეს არის და უნდა ყოფილიყო ადგილობრივი არჩევნების აზრი და მიზანი.
მნიშვნელოვანია მედია, რომელსაც აკისრია დიდი პასუხისმგებლობა, რადგან მას შეუძლია ითამაშოს უმნიშვნელოვანესი როლი საზოგადოების დამშვიდებაში და პოლარიზაციის შემცირებაში. თქვენი იმედი მაქვს!
მაგრამ მთავარი, გაერთიანების თუ არა, დაწყნარების მაინც ფაქტორი, შეიძლება იყოს გარკვეული მიზნების განხორციელებაზე მუშაობა, რომლების მიმართაც ვართ საქმით, თუ სიტყვით გაერთიანებულნი.
ასეთი ერთი და პირველი საკითხია პანდემია: ჩვენ მომსწრენი ვართ უპრეცედენტო მასშტაბის ტრაგედიის ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ისედაც დემოგრაფიულ კრიზისს განიცდის. დღევანდელ კატასტროფულ მდგომარეობაზე ყველანი ვართ პასუხისმგებელნი: სახელმწიფო პასუხისმგებლობით აღჭურვილი პირები, მეც მათ შორის, რომლებსაც უფრო აქტიური კამპანიის ჩატარება გვევალება ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის და მეტი გამბედაობა. პასუხისმგებლობა ასევე ეკუთვნის პარტიებს, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ რეგულაციებისა და სიფრთხილის მიუხედავად.
პასუხისმგებლობა დიდია საპატრიარქოსი, რომელიც მაინც თავს იკავებს კურთხევის მიცემისგან, რაც საშუალებას უტოვებს ცალკეულ სასულიერო პირებს, რომ იქადაგონ ანტივაქსერული პროპაგანდა. პასუხისმგებლობა არის სამედიცინო სფეროს ზოგიერთი წარმომადგენლის, რომლის შეხედულებები საერთო საქმეს ავნებს. დაბოლოს, პასუხისმგებლობაა ჩვენი მოქალაქეების, ვინც პირად შიშებს და საკუთარი ჯანმრთელობის გამო, ქვეყანას დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე აყენებს! პანდემია ყველაზე ნათლად გვიჩვენებს, რომ არა ვართ ერთმანეთის მტრები, არამედ ერთად უნდა ვებრძოლოთ და დავძლიოთ პანდემია.
მივმართავ ხელისუფლებას, რათა სასწრაფო და მკაცრი ზომები იქნას მიღებული: სავალდებულო აცრა რისკჯგუფებისთვის, კოვიდ პასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის. მედიას მივმართავ, რათა გადაცემები გახშირდეს ამ პრობლემის გასაშუქებლად. სამოქალაქო სექტორს გააქტიურებისკენ და პარტიებს თავშეკავებისკენ. კიდევ ერთხელ მივმართავ საპატრიარქოს, როგორც დღეს გავაკეთე, რომ ეკლესიამ მისცეს მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი!
სამაგიეროდ ვეწინააღმდეგები, და მეტიც, მიუღებლად მიმაჩნია, რომ დავუბრუნდეთ ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვას და ნებისმიერ ჩაკეტვას. მიუღებელია, ვინაიდან და რადგანაც, ეს დააზარალებს ქვეყნის ეკონომიკას და პირველ რიგში, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ისედაც იმყოფება უმძიმესი სოციალური გამოწვევების წინაშე. მართალია, საარჩევნო კამპანია ისე ჩატარდა, რომ ერთმანეთის სიძულვილმა და ლანძღვამ, ბევრად გადააჭარბა რეალური პრობლემების განხილვას, პრაქტიკულად იგნორირებული იქნა ქვეყნის რეალური საჭიროებები და მოქალაქეების უმძიმესი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. ერთი მხრივ, ხელისუფლება კმაყოფილებას გამოთქვამს ეკონომიკის ზრდის უპრეცედენტო მაჩვენებლებით, როცა პარალელურად, მოქალაქეები განიცდიან პირობების მკვეთრ გაუარესებას. ოპოზიცია კი, სულ სხვა, ვიწრო პოლიტიკური პრიორიტეტებით ხელმძღვანელობდა. ფაქტია, რომ არც ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება, არც ეკონომიკური კრიზისის დაძლევა არ გახდა პარტიების დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხი.
პოლარიზაციის დაძლევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ თუ ქვეყანა, პარტიები, ოპოზიცია, თუ უმრავლესობა დაუბრუნდება რეალურ პრობლემების და რეალურ გამოწვევების გადაწყვეტას.
მიმაჩნია, რომ სწორედ ეს ორი მიმართულება: ჯანმთელობის კატასტროფის თავიდან აცილება, სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების დაძლევა და მესამე, უმნიშვნელოვანესი, ევროპული ინტეგრაციის ქმედითი გზა, რომელიც ჩვენთვის უალტერნატივოა, იმდენად უალტერნატივო, რომ არ შეიძლება რომელიმე პარტიული ინტერესი წინ უსწრებდეს მას. ესაა ჩვენი ერთობლივი, ზეპარტიული გამოწვევა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი გაცხადებული ორიენტაცია, არა იმიტომ, რომ ქვეყნის მოსახლეობის 80 % ამ გზას მხარს უჭერს, არამედ იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი, ჩვენი სოციალური, ეკონომიკური, სახელმწიფო განვითარების გზა.
ამაზე შეთანხმება არის პასუხი იმ არსებით კითხვაზე, როგორ დავასრულოთ - არა ერთმანეთი, არამედ პოლარიზაცია!
დღეს ჩვენ, ჩვენი გაცხადებული მიზნებიდან გამომდინარე, გვევალება დროული და სერიოზული ნაბიჯების გადადგმა ევროპის გზაზე, რასაც ჩვენი პარტნიორებიც ელოდებიან ჩვენგან.
ამ კუთხით კი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევა წარმოადგენს ამ ფორმით და ამ დროს გაუგებარ ნაბიჯს. როცა ვიცით, თუ რა სიმბოლური ადგილი უჭირავს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სამომავლო სასამართლო რეფორმის გაგრძელების კუთხით, რაოდენ ყურადღებას იქცევს მისი შემადგენლობა, თუ მისი მიუკერძოებლობა.
მე მზად ვარ, ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილი სამი პრიორიტეტის ირგვლივ შევხვდე ყველას, ვინც ამაზე თანხმდება და პრეზიდენტის პლატფორმა გამოვიყენოთ საჭიროებისამებრ.
ასევე, მზად ვარ ძალიან ბევრი რამისთვის, როცა ვიცი და სადაც ვიცი, რომ ქვეყნის ინტერესი დგას!რადგანაც ეს საკითხი კიდევ მუსირებს, უნდა ვთქვა ისიც, რომ ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია - არა და არასოდეს!
ყოფილი პრეზიდენტი, არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშუალო მსხვერპლის არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. ის არის ნებაყოფლობით და არალეგალური გზით ქვეყანაში შემოღწეული მსჯავრდებული, რომლის შემოსვლა მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას.
ამის მიუხედავად და გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესისა, ის უნდა იყოს მიჩნეული განსაკუთრებულ პატიმრად. ეს მოითხოვს პენიტენციური ადმინისტრაციისგან და ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას, ყველა ზომების მიღებას, რათა ჯანმრთელობის გაუარესება არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური სპეკულაციის, ან დესტაბილიზაციის მიზნით. ეს საჭიროებს მაქსიმალურ გამჭვირვალობას და დროულ რეაგირებას ნებისმიერი დამძიმების ნიშნებისთანავე. ეს არის და ეს, ამ საკითხს მე არ დავუბრუნდები".