უკრაინის დედაქალაქ კიევის ცენტრში შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც აპროტესტებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასა და ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად დაწესებულ შეზღუდვებს.
Deutsche Welle-ს ინფორმაციით, აქციაზე, რომელიც უმაღლესი რადისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან გაიმართა, რამდენიმე ათასი ადამიანი იყო შეკრებილი.
იუწყებიან, რომ აქციის მონაწილეებს არ ეკეთათ პირბადე, არ იყო დაცული სოციალური დისტანცირება.
საპროტესტო აქციის მონაწილეები შემზღუდავი ღონისძიებებისა და ე.წ. მწვანე პასპორტების გაუქმებას მოითხოვდნენ. მოქალაქეებს ხელთ ეპყრათ ტრანსპარანტები წარწერებით: "არა სავალდებულო ვაქცინაციას!", "ხელები შორს ჩვენი შვილებისგან", "არა ვაქცინაცია-ჩიპიზაციას" და სხვა.
აქციის მონაწილეებს შეუერთდა რადას ყოფილი დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო, რომლმაც მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ სავალდებულო ვაქცინა ადამიანის უფლებების დარღვევაა. აღსანიშნავია, რომ სავჩენკოსა და მის დას, ცოტა ხნის წინ, ყალბი კოვიდსერტიფიკატები აღმოუჩინეს.
აქციას უკრაინის სხვადასხვა რეგიონებიდანაც შეუერთდნენ. ამ შინაარსის გამოსვლები იმართება უკრაინის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ოდესაში.
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაციის მოწინააღმდეგეების პროტესტს უწოდა "დაცინვა ექიმებისა და ოჯახების მიმართ, რომლებმაც დაკარგეს ახლობლები კორონავირუსის გამო".
უკრაინის 15 რეგიონი და კიევი შედის ეგრეთ წოდებულ "წითელ" ზონაში, სადაც ყველაზე მაღალია ინციდენტობის მაჩვენებელი და მკაცრი შეზღუდვები - ამ ზონაში დახურული კაფეები, რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, არასასურსათო მაღაზიები და საგანმანათლებლო დაწესებულებების უმეტესობა. შეზღუდვები არ ვრცელდება იმ დაწესებულებებზე, სადაც ყველა თანამშრომელი და ვიზიტორი სრულად არის ვაქცინირებული COVID-19-ის წინააღმდეგ.
კიდევ შვიდი რეგიონი "ნარინჯისფერ" ზონაშია. "ყვითელ" ზონაში მხოლოდ ორი რეგიონია - კიროვოგრადის და ტრანსკარპატების რეგიონები.
8 ნოემბრიდან უკრაინაში ამოქმედდება წესი, რომლის თანახმადაც საჯარო სამსახურში დასაქმებულები და მასწავლებლები, იმისათვის, რომ სამსახური შეინარჩუნონ, აცრილები უნდა იყვნენ.