მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი აცხადებს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის დაპირების მიუხედავად, დღემდე ოფიციალურად არ არის დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რაც ხელს უშლის პოლიტიკურ ძალებს, საარჩევნო რეჟიმში გადავიდნენ და დაიწყონ წინასაარჩევნო კამპანია.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ზურაბ ნოღაიდელმა კატეგორიულად მოითხოვა, რომ 2009 წლის ბოლომდე საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცოს საარჩევნო სისტემა, ხოლო პრეზიდენტმა ოფიციალურად გამოაცხადოს არჩევნების თარიღი.
"ამის შემდეგ, პოლიტიკური ძალები გადაწყვეტენ, მიიღონ თუ არა მონაწილეობა ამ არჩევნებში", _ აღნიშნა ზურაბ ნოღაიდელმა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი მოძრაობა მზად არის, მონაწილეობა მიიღოს როგორც ოპოზიციურ პრაიმერში, ისე ნებისმიერი სისტემით ჩატარებულ არჩევნებში.
ამასთან, მოძრაობის ლიდერი მიიჩნევს, რომ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობას აზრი არა აქვს, რადგან ხელისუფლებას შეუძლია, ნებისმიერ მომენტში, მყისიერად დაბლოკოს ჯგუფის მიერ შემუშავებული დოკუმენტი.
"საარჩევნო თემებზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს შედეგი არ ექნება აქვს, რადგან მთავარი ის არის, თუ რაზე შეთანხმდებიან სააკაშვილის უმრავლესობა და უმცირესობა", _ აცხადებს ზურაბ ნოღაიდელი.