განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია კვლავაც ცდილობს სპეკულაციას ბათილი ბიულეტენებით და ეს პროცესი ბოლოს და ბოლოს უნდა დამთავრდეს.
„ოპოზიცია ცდილობს გვაჩვენოს იგივე კინო, რაც შარშან უკვე ვნახეთ. ახლაც გვესმის საუბარი ბათილ ბიულეტენებზე და ბოლო ორი დღეა ცდილობენ ამით სპეკულირებას, თითქოს ბათილი ბიულეტენები არის ბევრი. სინამდვილეში, საერთო ჯამში არის 3% ბათილი ბიულეტენების, რადგან ჩვეულებრივი სტატისტიკაა. პირველ ტურში იყო 3,4%, შარშან საპარლამენტო არჩევნების დროს იყო 3,3% ბათილი და ასე არის სხვა დროსაც. ასე რომ ეს არის ტყუილი. როცა ამხელ, ამბობენ, რომ ზოგიერთ ოლქში ეს ბათილი ბიულეტენები იმდენია, რომ სხვაობა შეიძლება გადაიფაროს. დიახ, შეიძლება, ასეც ხდება ხოლმე, მაგალითად, წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილში ჩვენმა მაჟორიტარმა კანდიდატმა წააგო იმდენი ხმის რაოდენობით, რამდენიც ბათილია. ჩვენც წავაგეთ იმიტომ, რომ ბათილი ბიულეტენები იყო. ამით ეს სპეკულაცია უნდა დამთავრდეს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.