გლაზგოში, გაეროს კლიმატის ცვლილებების საერთაშორისო კონფერენციაზე შეკრებილი მსოფლიოს 100-ზე მეტი ლიდერი პირობას დებს, რომ 2030 წლისთვის ტყეების გაჩეხვას შეწყვეტენ.
აღნიშნულ პირობას დღეს გლაზგოში წერილობითი შეთანხმებით გააფორმებენ. ხელმომწერთა შორის იქნება ბრაზილიაც, რომელსაც ამაზონის ტროპიკული ტყეების მასობრივი გაჩეხვის მიმართ უმოქმედობაში ადანაშაულებენ.
შეთანხმება, მიზნის მისაღწევად, 19.2 მილიარდი დოლარის საჯარო და კერძო სახსრების მობილიზებასაც ითვალისწინებს.
გათვალისწინებული თანხის ნაწილი განვითარებად ქვეყნებს მოხმარდება ტყეების აღსადგენად, ტყის ხანძრების წინააღმდეგ საბრძოლველად და მკვიდრი მოსახლეობის მხარდასაჭერად.
გარემოს აქტივისტები მისალმნენ ლიდერების ამ გადაწყვეტილებას, თუმცა მათ შეახსენეს, რომ 2014 წელს დადებულმა იგივე შინაარის პირობამ ვერ შეანელა ტყეების განადგურება, ამიტომაც აუცილებელია აღებული ვალდებულების შესრულება.
ტყეების მასობრივი განადგურება აჩქარებს გლობალური დათბობის პროცესებს, რადგან სწორედ ისინი შთანთქავენ დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს.
პირობის შესრულებაზე საჯაროდ თანხმობა განაცხადეს კანადამ, ბრაზილიამ, რუსეთმა, ჩინეთმა, ინდონეზიამ, კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა. სწორედ ამ ქვეყნებზე მოდის მსოფლიოს ტყის მასივის დაახლოებით 85%.
ამასთან, მსოფლიოს 30-ზე მეტი უმსხვილესი კომპანია მიიღებს ვალდებულებას, შეწყვიტოს ინვესტიციები ტყეების გაჩეხვასთან დაკავშირებულ საქმიანობაში.
გაეროს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენცია, გლაზგოში 31ოქტომბრიდან 12 ნოემბრამდე იმართება. სესიაში 200-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის მსოფლიო ლიდერები, ექსპერტები და აქტივისტები. მსოფლიო ლიდერების შეხვედრა 1-2 ნოემბერს იმართება. სამიტის მსვლელობისას იგეგმება მიიღონ დოკუმენტები სათბურის გაზების გამონაბოლქვის შემცირებისა და ნახშირბადის ნეიტრალიტეტს მიღწევის შესახებ.