ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა ზორან ზაევმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს, მას შემდეგ, რაც მმართველმა სოციალ-დემოკრატიულმა კავშირმა (SDSM) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მარცხი იწვნია.
ზაევის თქმით, ის ასევე დატოვებს მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს პოსტს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, ქვეყნის უმრავლეს მუნიციპალიტეტში გამარჯვება ოპოზიციურმა კონსერვატიულმა ჯგუფმა VMRO-DPMNE მოიპოვა.
მანამდე ზაევი აცხადებდა, რომ გადადგებოდა იმ შემთხვევაში, თუ SDSM დედაქალაქ სკოპიეს მერის არჩევნებში დამარცხდებოდა.
წინასწარი მონაცემებით, სკოპიეს მერის არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა დამოუკიდებელმა კანდიდატმა დანელა არსოვსკამ, რომელსაც მხარს უჭერენ ოპოზიციური პარტიები. არსოვსკამ SDSM-ის მოქმედ მერს 55.3%-იანი მხარდაჭერით აჯობა.
"მე ვიღებ პასუხისმგებლობას მარცხზე. ვტოვებ პრემიერ-მინისტრის და პარტიის ლიდერს პოსტს", - განაცხადა ზაევმა პრესკონფერენციაზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ მისი გადადგომა არ გამოიწვევს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. მისივე თქმით, მხარს დაუჭერს სოციალ-დემოკრატების მთავრობას ახალი ლიდერის პირობებში, მანამდე კი განაგრძობს მოვალეობის შესრულებას.
ზორან ზაევმა ოპონენტებს გამარჯვება მიულოცა, თუმცა აღნიშნა, რომ მათ გამარჯვებას ჩრდილს აყენებს ბრალდებები წინასაარჩევნო კამპანიისას "უცხორი ფულის" გამოყენების თაობაზე.
ზორან ზაევი 2017 წლიდან უდგას სათავეში ჩრდილოეთ მაკედონიას.