ტონგას სამეფოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც იუწყებიან, ხელისუფლებამ არქიპელაგის მთავარ კუნძულზე სასწრაფოდ ლოკდაუნის შემოღება გადაწყვიტა. კორონავირუსი ახალ ზელანდიელ ტურისტს დაუდასტურდა.
მთავარი კუნძული ტონგატაპუ 2 ნოებრიდან დაიკეტება.
ტონგატაპუზე ამოქმედდება კომენდანტის საათი 20-დან 06 საათამდე. შემცირდება ტრანსპორტის, ბარებისა და რესტორნების, ალკოჰოლის მაღაზიებისა და სხვა სავაჭრო ცენტრების მუშაობა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა.
აიკრძალება შეკრებები, ეკლესიებში ღვთისმსახურება, შეწყდება სასწავლო პროცესიც. სამგლოვიარო ცერემონიები დაშვებული იქნება მხოლოდ ღია ცის ქვეშ 20 ადამიანის თანდასწრებით, დახურულ სივრცეში კი დაშვებული იქნება მხოლოდ 10 ადამიანი. ასევე სავალდებულო იქნება სოცილაური დისტანციის დაცვაც.
როგორც ავსტრალიური მედია იუწყება, ტონგას მოსახლეობა პანიკაშია. სავაჭრო ცენტრები გადაჭედილია მომხმარებლებით, რომლებიც ცდილობენ ლოკდაუნამდე აუცილებელი ნივთების ყიდვა მოასწრონ. ვაქცინაციის ცენტრებში კი გრძელი რიგები დგას.
ტონგის სამეფო მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, პოლინეზიაში. შედგება დაახლოებით 170 კუნძულისგან, რომელთაგან 45 დასახლებულია.