კენჭისყრის პროცესი დასრულდა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 025 406-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 49.09%-ია.
დედაქალაქში კენჭისყრაში დღის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო 478 642-მა ამომრჩეველმა (47,7%).
საარჩევნო უბნები კანონმდებლობის შესაბამისად, 20:00 საათზე დაიხურა და ახლა უკვე მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცესი. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ზე მეტია, ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება მიმდინარეობს.
მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი გადაეცემა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ დასკანერდება და უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge.
ცესკოს კონტაქტ-ჰაბში 07:00 საათიდან 20:00 საათამდე შევიდა 1318 სატელეფონო ზარი და 262 ონლაინ შეტყობინება. მათი დიდი ნაწილი ამომრჩევლების მიერ სიაში მონაცემების გადამოწმებას, საარჩევნო უბნის მისამართებისა და საარჩევნო პროცედურების დაზუსტებას შეეხებოდა.