შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა.
პრეზიდენტისა და რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა 75 წუთს გაგრძელდა, რაც რეკორდულ დროდ ითვლება მსგავსი შეხვედრებისთვის.
პირისპირ შეხვედრას მოგვიანებით ამერიკის პირველი ლედი, ჯილ ბაიდენიც შეუერთდა.
ჯო ბაიდენი ვატიკანს მეოთხედ სტუმრობს, მაგრამ პირველად, როგორც პრეზიდენტი. ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იმყოფებიან სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, პრეზიდენტის პირადი ექიმი და სხვები.
შეხვედრის დეტალების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, რადგან ვატიკანმა თავდაპირველად დაანონსებული პირდაპირი ეთერი, მოგვიანებით განმარტების გარეშე გააუქმა.
იტალიური მედიის ცნობით, ვატიკანში შესვლისას ბაიდენმა განაცხადა "რა სასიამოვნოა უკან დაბრუნება", მასპინძლებს კი ხუმრობით თავი წარუდგინა, როგორც "ჯილის ქმარი".
ვატიკანში შეხვედრის დასრულების შემდეგ, განცხადება გაავრცელა თეთრმა სახლმა, სადაც აღნიშნულია, რომ რომის პაპმა და პრეზიდენტმა ბაიდენმა პანდემიასთან ბრძოლისა და კლიმატის კრიზისის დაძლევის საკითხებზე იმსჯელეს.
"პრეზიდენტმა შეაქო რომის პაპი კლიმატის კრიზისის დაძლევის საქმეში მისი წამყვანი როლისთვის, ასევე პანდემიის დასრულებისა და ვაქცინაციის კამპანიის წარმატების უზრუნველსაყოფად გაწეული ძალისხმევისთვის. ამერიკის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პონტიფიკოსს „ღარიბების, კონფლიქტისა და დევნისგან დაზარალებულთა მხარდაჭერისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბაიდენი მონაწილეობას მიიღებს "დიდი ოცეულის" სამიტზე რომში, რომელიც 30-31 ოქტომბერს გაიმართება. G20-ის ქვეყნების ლიდერები განიხილავენ პანდემიას, კლიმატის ცვლილებებსა და მსოფლიო ეკონომიკის საკითხებს.
შემდეგ ბაიდენი გაემგზავრება გაეროს ორდღიან კონფერენციაზე კლიმატ COP26-ის საკითხზე შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში, რომელიც 1 ნოემბერს დაიწყება.