„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ წინასაარჩევნო კვლევის შედეგების გადაბრალება კომპანია „იფსოსზე“ კიდევ უფრო სკანდალია, რადგან კვლევებს თავად „იფსოსი“ არ ატარებს და ადგილზე კვლევებს ადგილობრივი კომპანია აკეთებს.
„გუშინ საზოგადოებას გავაცანით ფაქტი, რომელიც აღმოვაჩინეთ წინასაარჩევნო კვლევების გაყალბებასთან დაკავშირებით ტელეკომპანია „მთავარისა“ და კომპანია „იფსოსის“ მხრიდან, რომელიც უკავშირდებოდა ორი დღის წინ „მთავარი არხის“ მიერ გამოქვეყნებულ წინასაარჩევნო კვლევას რამდენიმე მუნიციპალიტეტში. იცით, რომ ზუგდიდში განსხვავებულმა მონაცემებმა გაყიდა ის ფაქტი, რომ ეს კვალი გაყალბებისა ბოლომდე ვერ იქნა წაშლილი, სწორედ ამან მოგვცა მინიშნება, რომ აქ გაყალბებას ჰქონდა ადგილი. დღეს ვნახეთ გამოხმაურება ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის მხრიდან, რომელიც ცდილობს, გადააბრალოს ეს კომპანია „იფსოს“. სინამდვილეში საქმე გახლავთ შემდეგში, რომ ეს არათუ ერთმანეთისგან გამიჯნული ორი კომპანიაა, არამედ საქმე იმაშია, რომ ეს ხდება უკვე სისტემატურად, იმ პერიოდიდან, როდესაც „იფსოსი“ იმყოფება საქართველოში და აწარმოებს წინასაარჩევნო კვლევებს „მთავარი არხისთვის“. ეს გაყალბება ყოველ ჯერზე სახეზე, შესაბამისად, არის შეთანხმებული მოქმედება და აქ გადაბრალება კიდევ უფრო მეტად დიდი სკანდალი არის როდესაც, ცდილობს „მთავარი არხი“, ეს გადააბრალოს „იფსოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნების დროსაც „იფსოსისა“ და „მთავარი არხის“ მიერ გამოქვეყნებული წინასაარჩევნო კვლევა მკვეთრად იყო აცდენილი რეალურ შედეგს.
„საპარლამენტო არჩევნების დროსაც იყო მანიპულაცია და დაკლებული პროცენტები „იფსოსისა“ და მთავარი არხის მხრიდან, ახლაც თვითმმართველობის არჩევნების წინ ჩატარებულ კვლევაში ნაკლები პროცენტი დაუწერეს „ქართულ ოცნებას“. ჩვენ უბრალოდ აქამდეც ვამბობდით, რომ ხდებოდა კვლევებით მანიპულირება, თუმცა ამის მტკიცება შეგვეძლო მხოლოდ ირიბად, იმ კვლევის შედეგებისა და არჩევნების შედეგების შედარებით. როდესაც არის საშუალოდ 10%-იანი სხვაობა, ეს სხვა არაფერი არის, თუ არა მანიპულაცია და აქედან გამომდინარე, ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, თუმცა გუშინ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ პირდაპირ ფაქტები გვენახა, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ კვალი მანიპულაციის წაშლილი არ იყო. შესაბამისად, ეს გადაბრალება ზედმეტია. თქვენ იცით, რომ „იფსოსი“ კვლევებს თავად არ ატარებს და ადგილზე კვლევებს ატარებს ადგილობრივი კომპანია, ასე რომ ჯგუფში შედის არამხოლოდ „იფსოსი“ და „მთავარი არხი“, არამედ ადგილობრივი კომპანია, რომელიც გახლავთ „ბი-სი-ჯი“, ბიზნეს საკონსულტაციო ჯგუფი, ამაზე ჩვენ არაერთხელ გვითქვამს. ეს არის კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც დაკავშირებული არის ლევან თარხნიშვილთან, იცით ის გახლავთ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი და ის გახლდათ ცესკო-ს თავმჯდომარე 2008 წელს, როდესაც ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. როდესაც საქმე გვაქვს კომპანიასთან, რომელიც ატარებს ველს და რომელსაც აქვს ასეთი რეპუტაციული ზიანი მიღებული, მასთან დაკავშირებული არიან ადამიანები, რომლებიც არჩევნების გაყალბებაში იღებდნენ მონაწილეობას, საქმე როცა გვაქვს ტელეკომპანია „მთავართან“ და „იფსოსთან“, რომლებიც უკვე ბოლო ორი არჩევნების განმავლობაში საშუალოდ 10-პროცენტიანი სხვაობაში არიან რეალურ მონაცემებთან, აქ ზედმეტია ერთმანეთზე გადაბრალება, ფაქტი გვაქვს აშკარა მანიპულაციასთან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.