საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტარების დელეგაციას შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თავისუფალ, სამართლიან გარემოში ჩატარებისთვის სრულ მზადყოფნაზე ისაუბრა.
პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტარებს პანდემიის მიუხედავად 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დაკვირვებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება უზრუნველყოფს, პირველი ტურის მსგავსად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მშვიდ ვითარებაში, გამჭვირვალედ ჩატარებას, რათა არავითარი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი, სწორედ ამ მიზნით, ხელისუფლებამ საერთაშორისო დამკვირვებლები არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციიდან ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მოიწვია, მათ შორის ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ევროპარლამენტის (EP), ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის (NATO PA), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დამკვირვებლები.
აღინიშნა, რომ პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით, შემუშავებულია სპეციალური პროტოკოლები საერთაშორისო დამკვირვებლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მთავრობის მეთაურის თქმით, 2012 წლის შემდეგ ხელისუფლებამ არაერთხელ ჩაატარა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, დემოკრატიული არჩევნები, რომლებიც საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან აღიარებულია, როგორც თავისუფალი და სამართლიანი.
ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე ისაუბრა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართულებით ევროპარლამენტის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ევროპარლამენტარებთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.