საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას მოქალაქეებს მოუწოდა, 30 ოქტომბერს არჩევნებზე მივიდნენ.
წულუკიანის თქმით, ერთ მხარეს არის სიყალბე, ქართველთმოძულეობა, ადამიანთმოძულეობა, ფსევდოევროპელობა და მეორე მხარეს არის გულწრფელი ძალა.
"სია, თუ რა ვაკეთეთ არის გრძელი, ამისათვის მე დღეს დრო არ მეყოფა, მაგრამ ჩვენ დღეს გვყავს დამოუკიდებელი სასამართლო აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, რომლის წინაშე ჩივილსაც თქვენ აზრიანად მიიჩნევთ, ჩვენ დღეს გვაქვს საპატიმრო, სადაც პატიმარს ციხის ინსპექტორის არ ეშინია, დღეს ჩვენ გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც აქ ბრძანდება და რომელიც არის ის, ვინც ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას არა თავისთვის, არა ჩემთვის და ჩემნაირებისთვის, არამედ თქვენთვის, ახალგაზრდებისთვის. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც გახსნა საზღვრები ევროკავშირთან და ნატოსა და ევროკავშირის კარზე კაკუნი, რომელიც მატყუარა სააკაშვილმა კი არ დაიწყო, ეს დაიწყო იმ დიდმა ჯგუფმა ქართველი დიპლომატების, რომელთაგან ზოგი გარდაცვლილია, ზოგი დღეს ასაკშია. აი ეს კაკუნი, ჩვენ ამ პროცესის შედეგი დავაყენეთ და არ დარჩა უბრალოდ კაკუნად. წინ გრძელი გზაა ევროპაში იმ კუთვნილი ადგილის დამკვიდრებამდე, რაც ჩვენ შვილებს ნამდვილად ეკუთვნით.
რა იქნება მომავალში? მომავალში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველაზე ორ დიდ მტერს ვებრძოლოთ, რომელიც ყველაზე ძნელი დასამარცხებელია. ეს არის მიმდინარე ოკუპაცია და ეს არის სიღარიბე. ეს არის ის ორი რეალური მტერი, რომელიც დღეს ჰყავს ჩვენს ქვეყანას. სამი წლის მანძილზე აღარ იქნება არჩევნები, მაგრამ არჩევნები ერთ დღეს ნამდვილად იქნება კონსტიტუციურ ვადებში. ჩვენი ხელისუფლების ვალია, რომ ხელისუფლება გადააბაროს არა ლეშიჭამიებს, არა ქართველთმოძულეებს, არა იმათ, ვინც ბნელი წარსულის მოციქულები არიან და ახლა საკნებიდან იჭყიტებიან, არა იმათ, ვინც ებრძვის ილია მეორეს, არა იმათ, ვინც ებრძვის სიწმინდეს, ხატს და ჯვარს, არა იმათ, ვისაც უნდა საკუთარი ფეხის ქვეშ დამონებული ქართველი, არამედ ახალ თაობებს, იმ ბავშვებს, რომლებიც დღეს შემოგვყურებენ და რომელთა მომავლისთვისაც ჩვენ ვდგავართ მაგრად, ვდგავართ მყარად და შაბათს გავიმარჯვებთ დამაჯერებლად.
მადლობა ყველას, ყველანი მივდივართ შაბათს არჩევნებზე, ვიმარჯვებთ და ვაგრძელებთ შრომას. ის, რაც მე ჩამოვთვალე, ის, რასაც სხვები ჩამოთვლიან, ის სირთულეები, რაც ყველას ოჯახში ტრიალებს, რა თქმა უნდა, მოსაგვარებელია, ეს ჩვენი თაობის მძიმე ხვედრია, მაგრამ ეს ის ხვედრია, რომელიც რჩეულთა ხვედრია, ჩვენ ჩვენი შრომით შევძლებთ იმას, რომ ჩვენს ბავშვებს, ახალგაზრდებს უკეთეს საქართველოს გადავაბარებთ. ღმერთი გფარავდეთ, წინ გამარჯვებისკენ!", - თქვა წულუკიანმა.