რუსთავის მერობის კანდიდატი დავით კირკიტაძე პირობას დებს, რომ რუსთავის საჯარო სკოლებში მოსწავლეებს ერთჯერადი უფასო კვება ექნებათ. ამის შესახებ დავით კირკიტაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
"დედაქალაქის მერობის კანდიდატის ინიციატივას, რომელიც თბილისის საჯარო სკოლებში უფასო კვებას ეხებოდა, პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა რუსთავშიც. არაერთმა ადამიანმა მოგვმართა ჩვენც, ამიტომ ენმ-ის გუნდმა, რომელიც საკრებულოშია წარმოდგენილი და მე, როგორც მერობის კანდიდატმა, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამ დიდ ინიციატივას შევუერთდეთ.
ყველა მშობელმა მინდა იცოდეს, ვისაც შვილი რუსთავის საჯარო სკოლებში დაჰყავთ, მათ შვილებს ექნებათ ერთჯერადი უფასო კვება. მაშინ, როდესაც UNISEF-ის კვლევით ბავშვთა 35% სახლში ვერ იღებს იმ რაოდენობით კალორიებს, უფრო მეტიც შიმშილობენ, ძალიან ზედმეტი იქნება ყველა ის თანხები, რომელიც ნაკლებად საჭირო საგნებში იხარჯება.
ჩემი გამარჯვების შემდეგ, მინდა. დავარწმუნო თითოეული რუსთაველი, რომ როგორც დედაქალაქში და სხვა ქალაქებში, რუსთავშიც იქნება ეს პროგრამა განხორციელებული", - აღნიშნა დავით კირკიტაძემ.
მანამდე, სკოლებში უფასო კვების ინიციატივით, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია გამოვიდა.