საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ციხეში სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ამის შესახებ ყიფშიძემ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს გადასხმა გაუკეთდა.
"გადასხმა ჩატარდა კარგად. დამეხმარნენ ციხის ექიმები, ასევე რეანომობილის ბრიგადა. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არის. ეს პროცედურა ჩატარდა საველე მდგომარეობაში. ეს სამედიცინო ოთახი არ არის ამისთვის განსაზღვრული. ამიტომ საჭირო არის მისი მკურნალობა საავადმყოფოში. მისი მკურნალობა უნდა მოხდეს სამოქალაქო საავადმყოფოში. არ შეიძლება ამისი გაკეთება ციხის საავადმყოფოში. მე როცა ვიყავი რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, ჩემთან ავადმყოფები მოჰყავდათ ციხის საავადმყოფოდან. ლოგიკას ვერ ვხედავ, აქედან გადავიყვანოთ ციხის საავადმყოფოში, სადაც არ იქნება დაცული ბევრი რამ. დღეს ჩატარდა სისხლის ანალიზი და ერთ-ერთი პარამეტრი არ იყო კარგი. დღეს კრიზისი გადავიარეთ. ხვალ შეიძლება ჰოსპიტალიზაცია. ამ წუთას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.