ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თავდაცვის გლობალური გეგმა დაამტკიცეს. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მინისტრებმა დღეს დაამტკიცეს ყოვლისმომცველი გეგმა ჩვენი ალიანსის დასაცავად კრიზისებისა და კონფლიქტების შემთხვევაში. ეს შესაძლებლობას მოგვცემს დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ჩვენი ძალები კვლავ დარჩებიან საჭირო ადგილზე, საჭირო დროს, რათა დაიცვან ჩვენი ერთი მილიარდი მოქალაქე ნებისმიერი საფრთხისგან", - თქვა სტოლტენბერგმა.
ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა ასევე დაამტკიცეს სავადლდებულო ამოცანები ალიანსის სახელმწიფოებისთვის ახალი შეიარაღებისა და ტექნიკის შეძენასთან დაკავშირებით.
სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უპასუხებს ჩინეთის არმიის ინტენსიურ მოდერნიზებას და პეკინის მიერ ახალი ბირთვული და კიბერნეტიკული შესაძლებლობის მოპოვებას.
ბრიუსელში მიმდინარეობს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრა. შეხვედრაზე დაამტკიცეს რუსეთის მხრიდან პოტენციური თავდასხმისგან თავდაცვის გენერალური გეგმა.
გეგმა მიზნად ისახავს მზადებას ბალტიის ზღვისა და შავი ზღვის რეგიონებზე შესაძლო ერთობლივი თავდასხმისთვის.