ევროპარლამენტში 700 დეპუტატია. ჩვენ ვერც ფოტიგას ჭკუაზე ვივლით და ვერც კუბილიუსის - ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყველამ კარგად უნდა გაითვალისწინოს, რომ საქართველოში კანონისა და მართლმსაჯულების აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება.
„ევროპარლამენტში 700 დეპუტატია. ჩვენ ვერც ფოტიგას ჭკუაზე ვივლით და ვერც კუბილიუსის - ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას. საქართველოში კანონისა და მართლმსაჯულების აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება, ეს ყველამ კარგად უნდა გაითვალისწინოს. ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ რამდენიმე ევროპარლამენტარს სააკაშვილთან პირადი მეგობრობა აკავშირებს. ბატონი გლუკსმანი სააკაშვილის მრჩეველი და ვანო მერაბიშვილის მოადგილის, ეკა ზღულაძის მეუღლე იყო. ის ჩართული იყო ამ დიქტატორული რეჟიმის მშენებლობაში, როცა ტერორი და ძალადობა მძვინვარებდა ქვეყანაში. დღეს ეს ადამიანი ჭკუას გვასწავლის ჩვენ. ვინ არის საერთოდ ფოტიგა, რატომ ბედავენ ამდენს?! სააკაშვილს დღეს პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა. კაცი ქვეყანაში მალულად შემოვიდა - ამაზე უფრო მეტად სამარცხვინო რა შეიძლება ჩაიდინოს კაცმა, რომელიც 9 წელი ქვეყნის პრეზიდენტი იყო?! რა თქმა უნდა, ეს არის ღია, დეკლარირებული კანონდარღვევა. რა თქმა უნდა, ეს გამოძიების პრეროგატივაა, მაგრამ მე მაგალითისთვის შევახსენე ეს რამდენიმე ევროპარლამენტარს“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.