მნიშვნელობა არ აქვს, მიმართვას ვინ აწერს ხელს. ყველა, ვინც ამ წერილს ხელს აწერს, პატივს არ სცემს მიხეილ სააკაშვილის დანაშაულების მსხვერპლებს და კანონის უზენაესობას, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტარების წერილზე საუბრისას განაცხადა.
საუბარია წერილზე, რომლის მიხედვითაც, "მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს, ვიდრე ის არ წარსდგება სამართლიანი სასამართლო პროცესის წინაშე".
დეპუტატის თქმით, ეს ყველაფერი ნაკარნახევია მიხეილ სააკაშვილის მიმართ პირადი მეგობრობით თუ ლობიზმით.
"ეს ყველაფერი ცხადი განსაკუთრებით ქართველი პოლიტიკოსების ხელმოწერამ გახადა. გარდა ამისა, იქ არიან სხვა პოლიტიკოსებიც, მაგალითად, რაფაელ გლუკსმანი, რომელიც წლების განმავლობაში სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მრჩეველი იყო და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფარული ხარჯებით ანაზღაურებას იღებდა. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ეს წერილი ასეთი პირადი სიმპატიებით და ლობიზმით არის ნაკარნახევი", - განაცხადა პაპუაშვილმა.