მიანმარის სამხედრო ხუნტა გაათავისუფლებს 5 636 პატიმარს, რომლებიც სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ ქვეყნის მასშტაბით გამართულ საპროტესტო აქციებზე გამოდიოდნენ. ამის შესახებ ხუნტის ხელმძღვანელმა განაცხადა.
სამხედრო ხუნტის ლიდერმა, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა მინ აუნ ჰლაინმა განაცხადა, რომ პატიმართა გათავისუფლება ეროვნული დღესასწაულის ფარგლებში მოხდება, რომელსაც 20 ოქტომბერს ზეიმობენ.
ხუნტის ლიდერმა ასევე თქვა, რომ იგი მშვიდობისა და დემოკრატიის მტკიცე მხადამჭერია.
მისივე თქმით, მიანმარის დროებით მთავრობას ქვეყანაში დემოკრატიის აღდგენის 5-საფეხურიანი გეგმა აქვს შემუშავებული.
სამხედრო გადატრიალება მიანმარში
1962 წლიდან რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, მიანმარის მმართველობის ფორმა სამხედრო დიქტატურა იყო. ქვეყანაში დემოკრატიული გარდაქმნის პროცესები 2011 წლიდან დაიწყო. 2020 წლის ნოემბერში "დემოკრატიის ეროვნულმა ლიგამ", ნობელის პრემიის ლაურეატ აუნ სან სუ ჩის მეთაურობით არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგო.
შეიარაღებულმა ძალებმა 2020 წლის საყოველთაო არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს და მისი შედეგები გააუქმეს.
2021 წლის 1-ელ თებერვალს მიანმარის სამხედროებმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს და საგანგებო მდგომარეობა ერთი წლით გამოაცხადეს. დააკავეს მიანმარის ლიდერი 75 წლის აუნ სან სუ ჩი და მრავალი სხვა პოლიტიკოსი.
სამხედრო გადატრიალების შემდეგ, მიანმარში სამოქალაქო წინააღმდეგობა არ წყდება, რომელსაც სასტიკად ახშობენ უშიშროების ძალები. უფლებადამცველების თქმით, საპროტესტო აქციების დროს დაიღუპა 900 -ზე მეტი ადამიანი, დააპატიმრეს 6000 -ზე მეტი.