საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, ბერძნული წარმოშობის ლეგენდარული საოპერო მომღერლის, მარია კალასის ქანდაკება გაიხსნა.
ბრინჯაოს ქანდაკება გაიხსნა ათენის ცენტრში, აკროპოლისის მახლობლად, რობერტო გალის პარკში, რომალური ამფითეატრის მოპირდაპირედ, სადაც ცნობილი მომღერლის დებიუტი შედგა.
1.8 მეტრის სიმაღლის ქანდაკება მარია კალასის საზოგადოების, მისი შემოქმედების გულშემატკივრების მეოხებით, მოქანდაკე აფროდიტე ლიტიმ შექმნა.
სახელგანთქმული სოპრანოს ქანდაკებამ მისი შემოქმედების თაყვანისმცემელთა, რომლებიც მარია კალასს საბერძნეთში ერთ-ერთ ყველაზე დაუფასებელ არტისტად მიიჩნევენ, რისხვა გამოიწვია. მათი განცხადებით, ქანდაკება უნიჭო კიტჩია და მას "ლა დივინასთან" არაფერი აქვს საერთო.
სოციალურ ქსელებში მომხმარებლები წერენ, რომ ის ოსკარის ქანდაკებას უფრო წააგავს. ზოგიერთი მათგანი უფრო შორს წავიდა და ქანდაკება "ვარსკვლავური ომების" ჰუმანოიდ პერსონაჟს შეადარა.
ოპერის ყოფილი მომღერალი და ათენის ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი მაიკლ მუსუ აცხადებს, რომ ქანდაკების პოზა არასწორად არის შერჩეული.
მისი თქმით, სიმღერისას არც ერთი საოპერო მომღერალი არ მიიღებდა ისე პოზას, როგორიც ქანდაკებას აქვს - გადაჯვარედინებული მკლავები მკერდის წინ, რადგან ამგვარი პოზიციონირება ხმას ბლოკავს.
"ოპერა არის სიმღერა და ხმის გათავისუფლება. კალასს მოქანდაკის მიერ შერჩეული პოზით რომ ემღერა, დაახლოებით ისეთი სიტუაცია იქნებოდა, მევიოლინეს რომ გატეხილ ინსტრუმენტზე დაეკრა", - თქვა მან.
მარია კალასი 1923 წელს ნიუ იორკში ბერძენ ემიგრანტთა ოჯახში დაიბადა. 2023 წელს, მომღერლის დაბადებიდან 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად მუსიკალური საზოგადოება განსაკუთრებით ემზადება.