ჩვენს სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია გვაქვს დასამთავრებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მცხეთაში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს, რა თქმა უნდა, მოხდება ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში.
„ჩვენს სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია გვაქვს დასამთავრებელი და ეს, რა თქმა უნდა, მოხდება ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში“, - აღნიშნა პრემიერმა.
შეგახსენებთ, ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების 54-ე რაუნდის შემდეგ, ოკუპანტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც გამოვიდა შეთავაზებით, "დაიწყოს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების დელიმიტაციის პროცესი, მათი შემდგომი დემარკაციისთვის".
კრემლის განცხადებას მალევე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც ამ შეთავაზებას მიუღებელი უწოდა და აღნიშნა, რომ საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაა.