საპრივატიზაციოდ გამზადებული რესპუბლიკური საავადმყოფოს საწყისი ფასი 12 მლნ დოლარი იქნება.
როგორც მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა სანდრო კვიტაშვილმა განაცხადა, ობიექტის გაყიდვის მიზნით საერთაშორისო ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
"რესპუბლიკური საავადმყოფოს ნაწილი უკვე გარემონტდა. ახლა მაღალი დონის ინვესტორის მოზიდვას ვცდილობთ, რომელიც ამ ობიექტს მაღალი სტანდარტის აპარატურით აღჭურვავს", - განუცხადა კვიტაშვილმა ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს საპრივატიზაციოდ გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის შესახებ ინფორმაციის დაბეჭდვა "ფაინეშელ თაიმსსა" და "ეკონომისტში" მოხდება, რათა უცხოელმა ინვესტორებმა აღნიშნულის შესახებ სათანადო ცნობა მიიღონ.
საავადმყოფოზე საერთაშორისო ტენდერი ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა. გამარჯვებულად ის კომპანია გამოცხადდება, რომელიც აღნიშნულ ობიექტში ყველაზე მეტ თანხას გადაიხდის. სატენდერო პირობის მიხედვით, თანხის 50 % ინვესტორმა კომპანიამ შეთანხმების გაფორმებამდე უნდა გადაიხადოს.
აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს პრივატიზაცია და მისი უცხოური კაპიტალით განახლება "100 ახალი საავადმყოფოს" პროექტში თავის დროზე გაწერილი არ ყოფილა.