საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს ეუთო-ს გენერალურ მდივან ჰელგა მარია შმიდტს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ და შეეხნენ ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებს.
„ვმუშაობ პროექტზე, რომ თბილისში ეუთო-ს მხარდაჭერით ჩატარდეს კონფერენცია ქალი ლიდერების მონაწილეობით კონფლიქტის გადაჭრის, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეუთო იყენებს ყველა შესაძლებლობას, რათა ქალები მეტად იყვნენ ჩართულნი ყველა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკურ, ასევე, საფინანსო მიმართულებებში.
მათივე ცნობით, ასევე, ისაუბრეს ეუთო-ს მუშაობაზე ქალთა ჩართულობის გაზრდის საკითხთან დაკავშირებით იმ სფეროებში, სადაც კაცების როლი უფრო მეტად დომინანტურია, მაგალითად, როგორიცაა პოლიცია და საინფორმაციო ტექნოლოგიები.
„საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას საქართველოში ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა, თუმცა, სამწუხაროდ, არჩევნებში ქალი კანდიდატების რაოდენობა კვლავ მცირეა“, – აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, შეხვედრისას ასევე განიხილეს რეგიონში საქართველოს როლის მნიშვნელობა.