ხვალინდელი აქცია მასშტაბური იქნება, აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი რომან გოცირიძე.
გოცირიძე განმარტავს, რომ აქციაზე ოპოზიციური პარტიებიდან ზოგი მიიღებს მონაწილეობას, ზოგი არა.
"ყველა პარტია ხელისუფლებას სააკაშვილის დაუყონებლივ გათავისუფლებას მოუწოდებს, მათ შორის არიან ასევე სასულიერო პირები, პეტიციას უერთდებიან გამოჩენილი ადამიანებიც. ეს პროცესი გაგრძელდება, საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა იქნება დიდი. მთავრობამ უნდა შეიგნოს, რომ სასწრაფოდ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. ხვალინდელი აქცია იმ მიზანს ემსახურება, რომ ზიანი არ მიადგეს სააკაშვილს და მის სიცოცხლეს. ეს აქცია ასევე იქნება შემადგენელი მეორე ტურების მომზადების, სადაც ფაქტობრივად, წყდება საქართველოს პოლიტიკური მომავალი.
გამარჯვების შანსი არის დიდი და მეორე ტურში გამარჯვება ნიშნავს უკვე ხელისუფლების ცვლილებას და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას. ამა თუ იმ პარტიის გადაწყვეტილება არ უნდა იყოს განხილული განხეთქილების შეტანის კონტექსტში. ყველა უერთდება პოზიციას, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და უნდა გათავისუფლდეს. აქციაზე რომელი პარტია იქნება, ეს მათი შიდაპოლიტიკური გეგმის ნაწილია“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
14 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე "ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.