ავთანდილ კაკაშვილს წინასაარჩევნო პროგრამით "რაც შენია, შენია" ნაჩუქარ მიწის ნაკვეთს ართმევენ. ამის შესახებ დღეს, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა პაატა ჯიბლაძემ, ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ავთანდილ კაკაშვილი აქტიურად მონაწილეობდა ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო პიარ - კამპანიაში, რისთვისაც სათანადოდ დაასაჩუქრეს. ხვამლის ქუჩა 14 - ში მდებარე 164 კვადრატული მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ გადასცეს, თუმცა არჩევნების დასრულებისთანავე კაკაშვილი თბილისის მერიაში დაიბარეს და ნაკვეთი ჩამოართვეს.
"აღმოჩნდა, რომ ხვამლის ქუჩაზე მცხოვრებმა ვინმე ნანა გიორგობიანმა და თავდაცვის სამინისტრომ საჩივრით მიმართეს მერიას, რამაც გამოიწვია ზემოთხსენებული ნაკვეთის ჩამორთმევა", - განაცხადა პაატა ჯიბლაძემ.
როგრც ჯიბლაძე ამბობს, კაკაშვილის მცდელობამ სასამართლოს გზით გადაეჭრა პრობლემა, შედეგი ვერ გაომოიღო, მეტიც პროკურატურიდან გამოსული 60 წლის ავთანდილ კაკაშვილი სასტიკად სცემეს.
"ასე ექცევა სააკაშვილი თავის ამომრჩეველს, ჯერ გამოიყენებს და შემდეგ თავის სატრაპებს აცემინებს", - აღნიშნა ჯიბლაძემ.
თავად კაკაშვილის განცხადებით, იგი ჯერ კიდევ სააკაშვილის საკრებულოში ყოფნის დროს იყო მისი აქტიური ამომრჩეველი. ამიტომ პრეზიდენტის ინიციატივას მონაწილეობა მიეღო ნაციონალური მოძრაობის სარეკლამო კლიპებში სიამოვნებით დათანხმდა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა მისი დიდი ხნის სურვილი აასრულა და პროგრამა "რაც შენია, შენიას" ეგიდით ზემოთაღნიშნული ნაკვეთი დაუკანონა. ამის ფონზე კაკაშვილი ერთობ გაკვირვებულია ჯერ მერიის, ხოლო შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებით ნაკვეთის ჩამორთმევასთან დაკავშირებით.
"ერთი თხოვნა მაქვს პრეზიდენტთან, დაინტერესდეს ჩემი პრობლემით და პასუხი აგებინოს იმ ადამიანებს ვინც უკანონოდ, ჯერ ჩემი საკუთრება წამართვა, ხოლო შემდეგ უმოწყალოდ მცემა", _ აცხადებს კაკაშვილი.
ლეიბორისტული პარტია მოუწოდებს თბილისის მერიას დაუყოვნებლი აღუდგინოს ავთანდილ კაკაშვილს კუთვნილი ქონება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოში შეიტანს სარჩელს.