საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე "მთავარი არხის" ეთერიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართავს და მოუწოდებს, თავს გაუფრთხილდეს.
ბურჭულაძის თქმით, ის თავს უხერხულად გრძნობს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში და მისთვის ვერაფერს აკეთებს.
"თავს უხერხულად ვგრძნობ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში და მისთვის ვერაფერს ვერ ვაკეთებ... მე მიხეილ სააკაშვილს ვეტყოდი, ჩემო პრეზიდენტო, მე და მთელი საქართველოს უდიდესი ნაწილი შენ გვერდში ვდგავართ. შენ მოგვეცი ვაჟკაცობისა და წინსვლის დიდი მაგალითი და ჩვენ შენ გაგიმართლებთ, რაც შეგვეძლება ყველაფერს გავაკეთებთ, ისე რომ საქართველო გაიმარჯვებს. გამაგრდი ჩემო პრეზიდენტო.
შენ იცი იშიმშილო, თუ არ იშიმშილო, მაგაზე მე ვერაფერს გეტყვი, ჩემი ჭკუა შენ არ გესწავლება, მაგრამ ერთი რამეა, რომ ჩვენ შენ ჯანმრთელი გვჭირდები, გთხოვ გაუფრთხილდე თავს", - თქვა პაატა ბურჭულაძემ.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. პატიმრობის პირველივე დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.