ბრიტანული გამოცემა The Sun უსაფრთხოების სამსახურის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსმა ჯაშუშებმა AstraZeneca-ს პრეპარატის შემქმნელებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ფორმულა მოპარეს.
გამოცემის წყაროების თქმით, მათ აქვთ მტკიცებულება იმისა, რომ უცხოელმა აგენტმა დაამზადა ყველა მონაცემის ასლები, რომლებიც საჭირო იყო ვაქცინის შესაქმენლად. თუ როდის მოხდა ეს - გამოცემა არ აკონკრეტებს.
გასულ წელს ბრიტანული მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ კრემლთან დაკავშირებული ჰაკერთა ჯგუფი თავს დაესხა ლონდონში განთავსებულ სამედიცინო დაწესებულებას და დიდძალი ინფორმაცია მოიპარა, რომელიც ვაქცინისა და მედიკამენტების კვლევებს შეეხებოდა.
რუსული ვაქცინა Sputnik V მსოფლიოში პირველი დარეგისტრირდა. ეს მოხდა გასული წლის აგვისტოში. ის, როგორც ბრიტანული AstraZeneca, წარმოადგენს ვექტორულ ვაქცინას, რომელიც შექმნილია ადენოვირუსების საფუძველზე.
Sputnik V-მა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში რეგისტრაცია დღემდე ვერ გაიარა. გასულ თვეში რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ყველა ბარიერი გადალახულია და უახლოეს ხანებში აღნიშნული საკითხი გადაიჭრება.