უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს.
"ღრმად ვარ დამწუხრებული ბათუმში შენობის ჩამონგრევის გამო. ჩემი ფიქრებით დაღუპულთა ნათესავებთან და მეგობრებთან ვარ. დაშავებულებს სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ქართველო მეგობრებო, გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი ღრმა თანაგრძნობა და სოლიდარობა", - წერს კულება.
შეგახსენებთ, გუშინ, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი მთლიანად ჩამოინგრა. თავდაპირველი ინფორმაციით, ნანგრევებში 10-დან 15-მდე ადამიანი მოყვა.
კორპუსის ჩამონგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვია. 7 ადამიანის ცხედარი გვიან ღამით მაშველებმა ნანგრევებიდან ამოასვენეს. ნანგრევებიდან ამოყვანილი ერთი ქალი, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, დღეს დილით კლინიკაში გარდაიცვალა. ერთი ადამიანი იმყოფება კლინიკაში, 36 წლამდე კაცი, რომლის მდგომარეობაც მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა. დაკავებულთაგან ერთ-ერთი პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეა.