ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო თავის რიგებში აზიისა და აფრიკის სახელმწიფოების მიღებას არ გეგმავს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ესპანურენოვან გამოცემა El Mundo-სთან ინტერვიუში განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სადამფუძნებლო ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ეს არის ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ალიანსი.
ინტერვიუში ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ჩინეთთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ალიანსი ჩინეთს მტრად არ აღიქვამს.
"ჩვენ გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია ჩინეთის ჩართვა ისეთ საკითხებში, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და კლიმატის ცვლილება", - თქვა მან და დასძინა, რომ პეკინი "არ იზიარებს დასავლეთის დემოკრატიულ ღირებულებებს".
ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობაში ნატოს მიდგომა უნდა იყოს დაფუძნებული "შეკავებასა და თავდაცვაზე", ასევე დიალოგზე.
"არაფერია წინააღმდეგობრივი იმაში, რომ იყო მტკიცე, ძლიერი და ამავე დროს დიალოგი გქნოდეს რუსეთთან", - თქვა სტოლტენბერგმა.
"ის არის ჩვენი მეზობელი, გვჭირდება მასთან საუბარი ბევრ საკითხზე, მათ შორის იარაღის კონტროლთან დაკავშირებით. დიალოგი ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ გვსურს თავიდან ავიცილოთ ახალი ცივი ომი და ახალი შეიარაღების რბოლა", - განმარტა მან.