საქართველოს გათავისუფლება უნდა დაიწყოს ისევ სამეგრელოდან, - ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მორიგ განცხადებაში, რომლითაც ის საზოგადოებას პენიტენციური დაწესებულებიდან მიმართავს.
სააკაშვილის მიმართვა მისმა ადვოკატმა, "მთავარი არხის" დირექტორმა, ნიკა გვარამიამ წაიკითხა.
"ივანიშვილი მთავარი მიზანი, ისევე როგორც თავის დროზე მხედრიონისა, არის სამეგრელო. ის უკანონობა, რომელსაც ჩადიან ზუგდიდში და აპირებენ სენაკში და სხვაგანაც, არ უნდა შერჩეთ. მე მქონდა შესაძლებლობა წინა დღეებში ჩამესუნთქა სამეგრელოს ჰაერი. ეს არის შეუცდომლად თავისუფლების ჰაერი. საქართველოს გათავისუფლება უნდა დაიწყოს ისევ სამეგრელოდან", - ნათქვამია მიმართვაში.
შეგახსენებთ, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმების გადათვლის შედეგად ერთ მაჟორიტარულ ოლქში სიტუაცია „ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ შეიცვალა. ხელახლა დათვლამდე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი 2 ხმით უსწრებდა „ქართული ოცნების“ კანდიდატს და პირველივე ტურში იმარჯვებდა.