"ჩვენი საჩივრის საფუძველზე, ზუგდიდის მე-11 მაჟორიტარულ ოლქში ბათილი ბიულეტენების გადათვლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს 13 ხმა დაემატა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს 1, ხოლო პარტიას „საქართველოსთვის“ - 2 ხმა", განაცხადა „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნმა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საბოლოოდ, „ქართული ოცნების“ კანდიდატს მხარი დაუჭირა 1193 ამომრჩეველმა, ენმ-ის კანდიდატმა - 1183, პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატმა კი 507 ხმა მიიღო.
"ბათილი ბიულეტენების გახსნამდე „ქართული ოცნების“ კანდიდატს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი 2 ხმით უსწრებდა. ჩვენი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატი სოსო გოგოხია ამტკიცებდა, რომ ბათილად იყო ცნობილი ისეთი ბიულეტენები, სადაც ამომრჩეველმა ნება დააფიქსირა, ამიტომაც ჩვენ უბნების ხელახალი გადათვლა მოვითხოვეთ. უბნების გადათვლით დადასტურდა, რომ ჩვენი კანდიდატის მოთხოვნა იყო საფუძვლიანი.
გარდა ამისა, საზოგადოების ყურადღებას გავამახვილებთ კიდევ ერთ ფაქტზე, რომელიც სავარაუდოდ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. უბნის ტერიტორიაზე მყოფი პირის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს და ეს ვიდეო თქვენ გადმოგეცემათ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, ზუგდიდის #67 საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანზე შედეგების დათვლის პროცესში, ფიქსირდება ბიულეტენების მოპარვის სავარაუდო ფაქტი. ვიდეოზე ჩანს სოფიკო ჩვამანია - "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი და ამავე უბანზე საარჩევნო კომისიის წევრი, რომელიც სავარაუდოდ იპარავს ბიულეტინებს. ამიტომ, მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, დაიწყონ გამოძიება და ყველა კითხვაზე დეტალური პასუხი იქნას გაცემული.
რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ქმედებებს, რომელსაც ახლა ვაკვირდებით დღის განმავლობაში და მათ განცხადებებს, ჩვენ ვიხილეთ, როგორ ჩაშალეს მათ საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა და საარჩევნო კომისიის ბრიფინგი . მოვისმინეთ მათი ბრალდებები, რომ თითქოს გადათვლა „ზონდერების მიერ ქურდულად მოხდა“.
საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ უბნების გადათვლის პროცესს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობა ესწრებოდა. აქედან გადათვლის შედეგებს მხარი დაუჭირა კომისიის 13 წევრმა, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებმა, გარდა „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „ლელოს“ წარმომადგენლებისა, რომელიც, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, სრულად ესწრებოდნენ გადათვლის პროცესს. ეს სამი პარტია, რომ ზოგადად ერთნაირად იქცევა და ერთი პოლიტიკური გუნდია, სხვა დროსაც არაერთხელ დამტკიცდა და მათი ეს ქცევა და მათ შორის ამ კომისიაზე არ დათანხმება გადათვლის შედეგებისადმი-ეს გასაკვირი არ არის.
გადათვლას ასევე ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საერთაშორისო გამჭვირვალობის და სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლები.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ქმედებებს საოლქო საარჩევნო კომისიაში. ეს არის პირდაპირი ძალადობრივი ჩარევა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში და ზეწოლა ადმინისტრაციის თანამშრომლებზე. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს ასეთ ფაქტებზე ჰქონდეთ უმკაცრესი რეაგირება, რათა საფრთხე არ შეექმნას ჩვენი მოქალაქეების მიერ 2 ოქტომბერს გამოხატული ნების დაცულობას.
ჩვენ წერილობით მივმართეთ და ახლა საჯაროდაც მივმართავთ ეუთო/ოდირის გრძელვადიან დამკვირვებლებს, რომლებიც ქვეყანაში ჯერ კიდევ იმყოფებიან და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს კომუნიკაცია იქონიონ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რათა მათ შეწყვიტონ საარჩევნო პროცესის ჩაშლის მცდელობებ
„ნაციონალური მოძრაობის“ ეს საქციელი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს რამდენად ფარისევლურები არიან ისინი. გუშინამტკიცებდნენ რომ ერთი ადამიანის ხმაც კი მათთვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია, და დღეს, როცა ამ ერთი ადამიანის ხმა მათ წინააღმდეგ არის გადამწყვეტი, ეს ადამიანი და ეს ხმა მათთვის არაფერია. ამომრჩეველი მათ თვალში მხოლოდ მათი ამომრჩეველია", - განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმების გადათვლის შედეგად ერთ მაჟორიტარულ ოლქში სიტუაცია „ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ შეიცვალა. ხელახლა დათვლამდე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი 2 ხმით უსწრებდა „ქართული ოცნების“ კანდიდატს და პირველივე ტურში იმარჯვებდა.