"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ენმ-ის მაჟორიტარობის ერთ-ერთ კანდიდატს, მანუჩარ ფიფიას, რომელმაც არჩევნები პირველივე ტურში მოიგო, შედეგები გაუყალბეს და დღეს დამარცხებულად გამოაცხადეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობა" ხვალ ზუგდიდში საპროტესტო აქციას გამართავს.
"ზუგდიდმა უარი უთხრა ოლიგარქს, მის ფულს და პირწმინდად დაამარცხა "ქართული ოცნება". ამ ყველაფერის შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული, ვიდრე აქამდე ჩაუდენია მას საარჩევნო პროცესში. როდესაც დარწმუნდნენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა", ჯამურად ოპოზიცია, გაცილებით უფრო მეტ მანდატს ფლობს ზუგდიდის საკრებულოში და პირველივე ტურში "ნაციონალური მოძრაობა" აკომპლექტებს უმრავლესობას საკრებულოში, ადგნენ და გუშინ ღამე, ქურდულად, საარჩევნო ზონდერებმა თითქოს ხმები გადაითვალეს და მანუჩარ ფიფია, პირველ ტურში გამარჯვებული მაჟორიტარი დღეს დამარცხებულად გამოაცხადეს.
უბანზე, სადაც მანუჩარ ფიფიამ გამარჯვება მოიპოვა მის ოლქში, ისე დაიწყო და დასრულდა არჩევნები, "ქართული ოცნების" დამკვირვებლებმა, რომლებიც უმრავლესობით არიან წარმოდგენილი იქ, ერთი საჩივარიც არ დაწერეს. მათაც კი აღიარეს, რომ გამარჯვება იყო მანუჩარ ფიფიასი და "ნაციონალური მოძრაობის", ვერაფერს გახდნენ. მაგრამ ამის შემდეგ ხდება საოცრება - ოლქში, სადაც საჩივარიც კი არ დაუწერიათ, მათი სიით გასული ერთ-ერთი დეპუტატის მამამ, გაასაჩივრა ხელოვნურად მანუჩარ ფიფიას ოლქი და აქედან გამომდინარე, კაცი, რომელიც გუშინ ამ დროს იყო გამარჯვებული, დღეს გამოაცხადეს დამარცხებულად", - თქვა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმების გადათვლის შედეგად ერთ მაჟორიტარულ ოლქში სიტუაცია „ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ შეიცვალა. ხელახლა დათვლამდე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი 2 ხმით უსწრებდა „ქართული ოცნების“ კანდიდატს და პირველივე ტურში იმარჯვებდა.