ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და მკვლევარი, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრამერი "ამერიკის ხმასთან" საუბარში ამბობს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მიხეილ სააკაშვილის სიტუაციაზე ფოკუსირება არავის სიკეთეს არ მოუტანს საქართველოში.
მისი თქმით, მმართველი პარტია და ოპოზიცია კონკრეტული პერსონებზე მეტ ყურადღებას, ქვეყნის გრძელვადიან პერსპექტივებს უნდა უთმობდეს.
"[სააკაშვილი] არ უნდა დაბრუნებულიყო, ის არ უნდა დაეპატიმრებინათ. ფაქტი, რომ ის დაბრუნდა, არ იყო დიდი სიურპრიზი, მისი დაპატიმრების ფაქტი კი მით უმეტეს, საერთოდ არ იყო მოულოდნელობა. გაათავისუფლეთ ის და დააბრუნეთ უკრაინაში. გრძელვადიან პერსპექტივაში მიშას სიტუაციაზე ფოკუსირება არავის სიკეთეს არ მოუტანს საქართველოში", - ამბობს კრამერი.
"ფრიდომ ჰაუზის" ყოფილი პრეზიდენტი და რეგიონის მკვლევარი ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის დაბრუნებამ შესაძლოა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლის მობილიზება გამოიწვია. მაგრამ "სააკაშვილი არ არის ნავალნი":
"უნდა ვცადოთ, რომ „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია შეუერთდნენ სამოქალაქო საზოგადოებას და ფოკუსირდნენ ქვეყნის პრობლემებზე და არა პერსონალიებზე, იქნება ეს სააკაშვილი თუ ივანიშვილი", - ამბობს დევიდ კრამერი.