მონტენეგროს პრეზიდენტის მილო ჯუკანოვიჩის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ორბელიანების სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტთან და საქართველოს სახელმწიფო დელეგაციასთან პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრები გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მონტენეგროს პრეზიდენტს, საქართველოში ვიზიტისათვის და ამ პირველი, უმაღლესი დონის ვიზიტს საქართველოში ისტორიული უწოდა.
როგორც პრეზიდეტმა აღნიშნა, მონტენეგროს პრეზიდენტის ვიზიტი გასულ წელს იგეგმებოდა, თუმცა გლობალური პანდემიის გამო გადაიდო. სალომე ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიო ერთობლივი ძალისხმევითა და სოლიდარობით პანდემიას სწრაფად დაამარცხებს და ურთიერთობების ჩვეულ ფორმატს დაუბრუნდება.
მხარეებმა განიხილეს, საქართველოსა და მონტენეგროს გეოპოლიტიკური მოცემულობა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ამ გზაზე საერთაშორისო თანამეგობრობისა და პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობა და მონტენეგროს მიერ საქართველოსათვის ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარება. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ყველა პარტნიორის მხარდაჭერა ძალიან სჭირდება.
საქართველოს პრეზიდენტმა, თავის კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ და მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის.