რომელი ევროპელი ნორმალური პარლამენტარი გაიგებს იმას, რომ ხმა შეიძლება გაიყიდოს 5 კილო კარტოფილზე. ვერ იგებენ ამას - აცხადებს პარტია "ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე "რადიო თავისუფლების" ეთერში.
მისი განცხადებით, დასავლელი მეგობრებისა და პარტნიორების მოსაზრებები მნიშვნელოვანი და ავტორიტეტულია, მაგრამ "ჩვენ უკეთ ვიცით, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში".
ნინო ბურჯანაძის თქმით, რეალობაა ის, რომ არჩევნები საქართველოში უკვე მერამდენედ გაყალბდა.
"რა თქმა უნდა, ჩვენთვის ავტორიტეტები არიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები, მეგობრები და მათი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მათი აზრი გადამწყვეტი ვერ იქნება იმ პროცესში, რაც ხდება ქვეყნის შიგნით. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ უკეთესად ვიცით, ქვეყანაში რა ხდება, რა ვითარებაა და აქედან გამომდინარე, პატივისცემა ერთია და არ მინდა სიტყვა მონური დამოკიდებულება გამოვიყენო, მაგრამ ხშირად ასე გვემართება ხოლმე.
ევროპა ცხოვრობს სხვა რეალობაში და ჩვენ სამწუხაროდ ვცხოვრობთ ძალიან შორს იმ დემოკრატიული და ევროპული რეალობებიდან , რომელშიც გვინდა ვიცხოვროთ. ამიტომ ჩვენი მეგობრები ყოველთვის ვერ დააფიქსირებენ იმას, რაც ჩვენ სამწუხაროდ, ძალიან კარგად ვიცით. ახლა, რომელი ევროპელი ნორმალური პარლამენტარი გაიგებს იმას, რომ ხმა შეიძლება გაიყიდოს 5 კილო კარტოფილზე. ვერ იგებენ ამას. მით უმეტეს საქართველოსთან მიმართებაში. ამიტომ იყო ჩემი წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ შენ იმას კი არ უნდა დაემორჩილო და დაეთანხმო, რასაც ევროპელები გეტყვიან. შენ უნდა აუხსნა შენს ევროპელ და ამერიკელ კოლეგებს, სად არის პრობლემა და რა არის რეალობა. რეალობა კიდევ არის ის, რომ არჩევნები საქართველოში უკვე მერამდენედ გაყალბდა", - ამბობს ბურჯანაძე.