საქართველოში ვაქცინის მესამე დოზით აცრა 50 წელს გადაცილებულ პირებს შეეძლებათ, - იმუნიზაციის საბჭოს ეს გადაწყვეტილება საზოგადოებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გააცნო.
იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრა ასევე შეეძლებათ მაღალი რისკის პროფესიის მქონე პირებს.
საბჭომ მხარი დაუჭირა ე.წ. ბუსტერ დოზის გამოყენებას მეორე აცრის გაკეთებიდან 6 თვის შემდეგ.
"ორი ძირითადი საკითხი განიხილა საბჭომ, ეს გახლავთ ე.წ. ბუსტერ დოზის გამოყენება და ასევე, ბავშვების ვაქცინაციის საკითხი. ბუსტერ დოზებთან დაკავშირებით, საბჭომ მხარი დაუჭირა ბუსტერ დოზის გამოყენებას მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ, 50 წლის ზემოთ პირებში. ასევე ნებისმიერი ასაკის პირებში, რომლებსაც აქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება, ასევე მაღალი რისკის პროფესიებში, როგორიც არის სამედიცინო პერსონალი, დახურული ტიპის დაწესებულებაში მცოვრები პირები და იქ დასაქმებული თანამშრომლები", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, 12-15 წლის ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებში კორონავირუსზე ვაქცინაციის რეკომენდაციას გასცემენ.
"მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ბევრმა ქვეყანამ დაიწყო ფართო ვაქცინაცია ამ ასაკობრივ ჯგუფში, ჩვენ პირველ ეტაპზე შევჩერდით 12-დან 15 წლამდე მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებზე", - განაცხადა გაბუნიამ.