EPP - ევროპის სახალხო პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსა და მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს:
საქართველოში ბოლოდროინდელმა არჩევნებმა გაზარდა ჩვენი შეშფოთება ქვეყანაში დემოკრატიისა და თავისუფლების მდგომარეობის გამო.
საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშებში ხაზგასმულია დემოკრატიული სტანდარტების შემცირება, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ნაკლებობა, უთანასწორო პოლიტიკური გარემო, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, დარღვევები და სიძულვილის ენა.
გარდა ამისა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება და პოლიტიკური დევნა კიდევ უფრო ზრდის დაძაბულობას და პოლიტიკურ პოლარიზაციას ქვეყანაში.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მმართველი პარტიის წამყვანმა ფიგურებმა გააკეთეს შეუწყნარებელი და პროვოკაციული განცხადებები, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებას, ეს კი ჩვენს ღრმა შეშფოთებას იწვევს.
ევროპის სახალხო პარტია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს გააუმჯობესოს პოლიტიკური გარემო, უზრუნველყოს მეორე ტურში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და შეწყვიტოს პოლიტიკური ოპონენტების დევნა. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მეორე ტურს, სადაც გადაწყდება დიდი ქალაქების ბედი.
ქართველი ხალხი იმსახურებს უკეთეს მომავალს, პოლიტიკური დაპირისპირების დასრულებითა და კონსტრუქციულ დღის წესრიგში დაბრუნებით, რაც ქვეყნის რეფორმების პროცესს დააჩქარებს," - ნათქვამია განცხადებაში.