"აბსურდის თეატრის პირველი ფაქტორი ალბათ ის არის, რომ ადამიანი გვარად ობგუნუჯუ საქართველოში, თბილისში მერობის კანდიდატად იყო რეგისტრირებული", - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ. მისი განმარტებით, მან წერტილი დაუსვა ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტიის პრეტენზიას იმაზე, რომ ისინი რამე ტიპის პოლიტიკურ ორგანიზაციებს წარმოადგენენ, ისეთი, როგორიც არის „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „დროა“, „ხალხისთვის“ და სხვანი.
"მე ვფიქრობ, რომ ტრაგიკომედიაა, როდესაც უყურებ შედეგებს, ბატონი ობგუნუჯუს და ჩემ მიერ ჩამოთვლილი პარტიების შედარებას. ეს მართლაც მეტყველებს, რა მხარდაჭერა გააჩნია ამ ვითომ პოლიტიკურ ორგანიზაციებს და რეალობაში, „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტებს ქართულ საზოგადოებაში. ძალიან კარგია ეს, ამ პოლიტიკური აბსურდის დამთავრების მერე იმედია, საქართველოში პოლიტიკური კლიმატი შეიცვლება და სამი წელი საკმარისი დროა, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ისეთი ადამიანების გაერთიანებით, ვინც არც კრიმინალით და სააკაშვილის ერთგულებით და სახელის გადარქმევით იქნება გამორჩეული.
რეალურად, დღეს ქართული ოპოზიციური სივრცე არის უმეცარი, კრიმინალში ეჭვმიტანილი და ადვილი შემოსავლების წყურვილით ანთებული ადამიანების თავყრილობა. მჯერა, რომ ქართულ საზოგადოებაში არის იმდენი ინტელექტი, რომ ეს სიბნელე ჩანაცვლდეს რაღაც ახლით, რადგან საქართველოს სჭირდება განახლება. როდესაც ობგუნუჯუსნაირ შედეგს დებ, სირცხვილით სახლში უნდა წახვიდე მგონი და საერთოდ პოლიტიკაზე აღარ ილაპარაკო. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე ადგილს, ეს ჭირი და სარკომაა ქვეყნის, ეს არის უბედურება. ეს არის გაერთიანება ბნელების, კრიმინალების და როგორც იქნა, მათი ბელადი აღმოჩნდა იქ, სადაც უნდა იყოს და იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაც ყველასთვის ცნობილი იყო. თუმცა, ყველა ცდილობდა, ამაზე ხმამაღლა არ ესაუბრა. ამათან დაკავშირებით, სახალხო – ნაციონალური მოძრაობის დამცველი ქალბატონო ლომჯარია რომ არის, იმას მინდა, ვკითხო საჯაროდ – მას მერე, რაც მან სააკაშვილი მოინახულა საპატიმროში, ის ფიქრობს, რომ სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირებმა უნდა გაიარონ ნარკოტიკზე ტესტი თუ არა? მინდა, ამაზე მიპასუხოს.
ქუთაისზე ლაპარაკიც აღარ მინდა, ასეთი შერცხვენილი ქუთაისი არასდროს ყოფილა, რადგანაც იმ ქალბატონისთვის ხმის მიცემა, ვფიქრობ, რომ საფუძვლიანად ეწინააღმდეგება ქუთაისურ მენტალობას, რითაც ყოველთვის გამორჩეული იყო ეს ქალაქი. ეს იუმორიც აღარ არის, ეს შავი იუმორია, სხვანაირად არ მესმის, როგორ შემოგვხედავენ ან შევხედავთ ერთმანეთს თვალებში იმის მერე, რაც თბილისსა და ქუთაისში დაფიქსირდა. ვფიქრობ, რომ ამაზე სერიოზულად უნდა ვიფიქროთ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.