ევროპარლამენტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
"გვსურს ვაღიაროთ, რომ საქართველომ, ევროკავშირის მნიშვნელოვანმა პარტნიორმა, ჩაატარა კონკურენტული და კარგად მართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური, 2 ოქტომბერს, მიუხედავად უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს და რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა.
თუმცა, წინასაარჩევნო გარემო არ უზრუნველყოფდა თანაბარ პირობებს კონკურენტი მხარეებისა და კანდიდატებისთვის და ძირითადი ყურადღება ადგილობრივი საკითხებიდან ეროვნულ საკითხებზე იყო გადატანილი.
ჩვენ ცნობად ვიღებთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ ოფიციალურ შედეგებს, რომლის თანახმადაც მმართველმა „ქართული ოცნების“ პარტიამ მოიპოვა 46.6%, რითაც მან გადალახა ის 43%-იანი ბარიერი, რაც ევროკავშირის შუამავლობით მიღებული 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გამოიწვევდა.
ეს არჩევნები ჩატარდა არსებითად გაუმჯობესებული სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში. ამომრჩევლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რეალური არჩევანი გაეკეთებინათ სხვადასხვა პოლიტიკურ ალტერნატივებს შორის. არჩევნები ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული და კანდიდატებს შეეძლოთ თავისუფლად ჩაეტარებინათ კამპანია.
არჩევნების დღემ ჩაიარა მოწესრიგებულად და გამჭვირვალედ, მიუხედავად მთელი პროცედის განმავლობაში არსებული გარკვეული პროცედურული პრობლემებისა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომები ღია იყო დაინტერესებული მხარეებისთვის და ხდებოდა მისი ტრანსლირება, რამაც გაზარდა გამჭვირვალობა.
წინაასაარჩევნო კამპანია პოლიტიკური და მედიაგარემოს მკვეთრი პოლარიზაციის გამოირჩეოდა, რაც ზოგიერთ შემთხვევაში სიტყვიერ და ფიზკურ დაპირისპირებასაც კი იწვევდა. ხშირად, პირადი ხასიათის თავდასხმები ჭარბობდა პოლიტიკურ დებატებს, რაც ამომრჩეველს უზღუდავდა ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას.
ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების შემთხვევები, ასევე გავრცელებული ბრალდებები ამომრჩევლის მოსყიდვისა და კანდიდატების, ამომრჩევლებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინების შესახებ მთელი საარჩევნო კამპანიის პერიოდში, საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული.
მომავალი არჩევნებისთვის საარჩევნო კანონმდებლობა კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს და გათვალისწინებული იყოს ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციები, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება კამპანიის დაფინანსებას, დავების გადაწყვეტასა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას. ასევე აუცილებელია პოლიტიკაში ქართველი ქალების არასაკმარისი წარმომადგენლობის გათვალისწინება.
არჩევნების მეორე ტურის წინ, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პარტიებს, აღმოფხვრან პირველი ტურის დროს დაფიქსირებული დარღვევები.
და ბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვანია და ვიმედოვნებთ, რომ პოლიტიკური კლასი გამოიჩენს პასუხისმგებლობასა და პოლიტიკურ სიმწიფეს - თავიანთ პარტიულ ინტერესებზე მაღლა სახელმწიფოს ინტერესებს დააყენებენ, გადაფურცლავენ დაპირისპირების გვერდს ერთხელ და სამუდამოდ და შეუდგებიან ძალზედ საჭირო რეფორმების განხორციელებას.
ევროპარლამენტი მზად არის, გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან, მათ შორის დემოკრატიის მხარდამჭერი საქმიანობის ფარგლებში, იმ პირობით, რომ ჩვენი ქართველი კოლეგები მზადყოფნას გამოხატავენ კონსტრუქციულად ჩაერთონ ასეთ საქმიანობაში", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე, ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი
ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.